იუსტიციის საბჭოში დაპირიპირება გრძელდება - მდივანთან კამათის შემდეგ სერგო მეთოფიშვილი სამუშაო ჯგუფიდან გარიცხეს

14:23 04-24-2019
85

რატომ არ მიიწვიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ბორჯომში, სადაც საბჭოს დანარჩენი წევრები, დეპუტატები, და დიპლომატები საერთო სასამართლოების შესახებ კანანონპროექტზე მსჯელობენ?

ეს კითხვა თავად სერგო მეთოფიშვილმა დასვა. საბჭოს მოსამართლე წევრმა სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა. 

ვითხოვ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრისადმი თანაბარ მიდგომას და პროცესის გარეთ დარჩენილი წევრების კვლავ ჩართულობას ამ ჯგუფში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან უცნაურია ასეთი შერჩევითი მიდგომა და რა პრინციპით მოხდა ასეთი გამორჩევა ძალიან მაინტერესებს?- წერს სერგო მეთოფიშვილი

საბჭოს მოსამართლე წევრის კრიტიკული სტატუსის საპასუხოდ გიორგი მიქაუტაძემ განმარტა, რომ გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შემჭიდროებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო, რასაც ის სრულად დაეთანხმა.

ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია იმიტომ, რომ ფიზიკურად ეფექტური ვერ იყო სამუშაო ჯგუფი. მე, პირადად, პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ნაწილში დავეთანხმე და გაგებით მოვეკიდე. რადგან მუშაობის ეფექტისთვის გაცილებით უკეთესია. ეს არის რეალური მიზეზი და აქ, ნადვილად არ ყოფილა ბატონი სერგოს, ან სხვა წევრების მიმართ რამე სხვა ზრახვები'- განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი მიქაუტაძე სერგო მეთოფიშვილის კრიტიკული შეფასების ადრესატია. მიქაუტაძესა და მეთოფიშვილს შორის კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოხდა. მაშინ, ერთ- ერთი საკითხის განხილვისას მეთოფიშვილმა მიქაუტაძეს ასე მიმართა: 

შენ მე ლექციას ნუ მიკითხავ, გაიგე? ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვკითხულობ და აქ ჭკუის სწავლება შენგან არ მჭირდება.“

არ არის გამორიცხული, რომ სერგო მეთოფიშვილის  სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფიდან გარიცხვა სწორედ საბჭოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს.

ავტორი: თაკო ტომარაძე