GOT-ის პერსონაჟები, რომლებიც ვინტერფელის ბრძოლას გადაურჩებიან (ვიდეო)

14:39 04-24-2019
201

მსოფლიო „სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის მესამე სერიის მოლოდინშია. გავრცელებული „ტრეილერიდან“ ჩანს, რომ შემდეგ ეპიზოდში „ვინტერფელის ბრძოლას“ ვნახავთ.

მეორე სერიაში თითქმის ყველა საყვარელი პერსონაჟი ვიხილეთ და ისიც გვესმის, რომ „ღამის მეფესთან“ ბრძოლას, ბევრი მათგანი შესაძლოა შეეწიროს.

„სამეფო კარის თამაშებში“ არაერთხელ და მოულოდნელად მოუკლავთ ყველასათვის საყვარელი გმირები. სავარაუდოდ, არც მერვე სეზონი იქნება გამონაკლისი.

თუმცა, თუ წარსულ მოვლენებს გადავხედავთ, შეგვიძლია გამოვიცნოთ, თუ ვინ გადაურჩება ბრძოლას ცოცხალი და საერთოდაც, ვინ მიატანს სეზონის ფინალამდე.

გავიხსენოთ შოუს მე-5 სეზონი, როდესაც სერსეი ლანისტერის ბავშვობიდან ერთი საინტერესო ეპიზოდი გვანახეს. კერძოდ, წინასწარმეტყველება, რომელიც მან მოისმინა.

გრძნეულმა ქალმა მას უწინასწარმეტყველა, რომ სერსეი არა პრინცზე, არამედ მეფეზე იქორწინებდა; მას ეყოლებოდა სამი შვილი, მეფეს კი 20;  სერსეი აუცილებლად გახდებოდა დედოფალი, თუმცა მხოლოდ გარკვეული დროით, სანამ მას უფრო ახალაზრდა და ლამაზი დედოფალი არ ჩამოაგდებდა ტახტიდან. სერსეის ისიც უთხრეს, რომ მისი სამივე შვილი მოკვდებოდა, ხოლო თავად მას უმცროსი ძმა მოკლავდა.

ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ერთი რამ დანამდვილებით ვიცით - სერსეის ტახტს აუცილებლად წაართმევენ. „უფრო ახალგაზრდა და ლამაზ დედოფალში“, აშკარად დენერისი იგულისხმება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ღამის მეფის“ არმიასთან ბრძოლას, იგი აუცილებლად გადაურჩება და თავის საბოლოო მიზანსაც მიაღწევს.

ამავე წინასწარმეტყველების თანახმად, კიდევ 3 პერსონაჟის გადარჩენა შეგვიძლია ვივარაუდოთ.

პირველ რიგში, ეს სერსეის ძმები - ტირიონი და ჯეიმი არიან. თუკი წინასწარმეტყველებას დავუჯერებთ, სერსეის სწორედ ერთ-ერთი მათგანი მოკლავს. მართალია თავად დედოფალს სჯერა, რომ მისი მკვლელი ტირიონი იქნება, თუმცა ფაქტობრივად, ჯეიმიც უმცროსი ძმაა და შესაძლოა სწორედ იგი დაუპირისპირდეს საკუთარ დას და ყოფილ საყვარელს.

თუმცა, შეიძლება წინასწარმეტყველება ცოტა სხვანაირადაც გათამაშდეს. სერსეი ლანისტერი დიდი ხანია, რაც არია სტარკის შურისძიების სიაშია. მრავალსახიანი ღმერთის ასასინების გილდიაში არიას წარმატებული ტრენინგის შემდეგ, კარგად ვიცით, რომ მას სახის შეცვლა შეუძლია. ამიტომ, არ არის გამორიცხული, არია სტარკმა, სერსეის რომელიმე ძმის სახე მოირგოს და ისე იძიოს შური დედოფალზე.

 

ავტორი: მარიამ გიგანი