ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე ფასები ბოლო რამდენიმე დღეა 7-დან 10 თეთრამდეა მომატებული. „პრაიმტაიმი“ მიზეზებით დაინტერესდა და „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარეს, ვანო მთვრალაშვილის დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, საწვავის ღირებულებების მომატება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაძვირებამ გამოიწვია.
„მოგეხსენებათ, ნავთობის ფასის დადგენა მნიშნელოვნადაა დამოკიდებული საერთაშორისო ბაზარზე, რადგან მოიმატა ფასმა, შესაბამისად საქართველოშიც ღირებულებაზე იმოქმედა და ბოლო კვირაა 7-დან 10 თეთრამდე მოიმატა, როგორც ბრენდირებულ, ისე - არაბრენდირებულ ბენზინ გასამართ სადგურებზე. რაც შეეხება სამომავლო ფასების განსაზღვრას, რა თქმა უნდა, ძნელია წინასწარ საუბარი, გააჩნია ისევ და ისევ საერთაშორისო ბაზარზე რა ფასი დადგინდება. თუმცა, გაიაფება საეჭვოა“ - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.
„პრაიმტაიმის“ კითხვას, საწვევის ხარისხზე კონტროლის გამკაცრება ხომ არ გახდა უფრო ძვირადღირებული ნავთობპროდუქტების იმპორტის მიზეზი, ვანო მთვრალაშვილმა უპასუხა, რომ ამ დრომდეც შემოდიოდა ევროსტანდარტების შესაბამისი ბენზინი (ევრო 5), ხოლო ხარისხიანი და ნაკლებად ხარისხიანი შემოდის დიზელი (ევრო 5 და ევრო 4).
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის შეფასებით, სახელმწიფო ჩართულობამ თავისუფალ ბაზარზე კონკურენცია უკვე უზრუნველყო და პერიოდულობით ხარისხის კვლევაც მიმდინარეობს. თუმცა, ვანო მთვრალაშვილი მომხრეა, რომ უფრო გახშირდეს აღნიშნული ტიპის კვლევები. კითხვას, იმოქმედებს თუ არა ნავთობზე სახელმწიფო გადასახადების შემცირება საწვავის გაიაფებაზე, ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გარკვეულ წილად გაიაფდება საწვავზე ფასი თუ სახელმწიფო გადასახადები შემცირდება, თუმცა დასათვლელია სტაბილური იმპორტიორების მიერ გადახდილი გადასახადებით ბიუჯეტიდან სხვა რამდენად მნიშნელოვანი პროექტები ფინანსდება და როგორ იმოქმედებს გადასახადის დაკლება სხვა განსახორციელებელ პროექტებზე.
ამჟამად, ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ევრო სუპერ პენზინის ფასი 2.59 ლარი ღირს, ხოლო ევრო რეგულარი - 2.39 ლარი. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2.34-დან 2.55 ლარამდე მერყეობს.