შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ხასიათის დანაშაულზე რეგულაციებს ამკაცრებს. კანონპროექტის მიხედით, სექსუალურ ძალადობაში დამნაშავე პირს შეზღუდვები საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგაც დაეკისრება.
კონკრეტულად, სექსუალურ ძალადობაში მსჯავრებულ პირს უნდა ჩამოერთვას:
1 სააღმზრდელო მომსახურების გაწევის და ასეთი მომსახურების გამწევ დაწესებულებებში საქმიანობის უფლება.
2 არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე ტეტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში მიახლოების უფლება.
3 არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ პირს სექსუალური სახის დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვნის მიმართ;
4 საექიმო საქმიანობის უფლება;
5 საჯარო სექტორში საქმიანობის უფლება;
6 იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
7 სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის უფლება;
კანონპროექტი პირისთვის აღნიშნული შეზღუდვების მოხსნასაც ითვალისწინებს. ამ შემთვევაში გადაწყვეტილება პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიიღოს. გადაწყვეტილების მიღებისას კი სასჯელმოხდილი პირის ყოფაქცევა უნდა იყოს გათვალისწინებული.
ცნობისთვის, მსგავსი რეგულაციები უკვე წლებია წარმატებით ხორციელდება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ხასიათის დანაშაულზე რეგულაციებს ამ მხრივ ქვეყანაში არსებული საგანგაშო სტატისტიკის საფუძველზე ამკაცრებს.
შსს სტატისტიკური მონაცემების თანახმად:
2018 წელს რეგისტრირებული იყო სქესობრივი დანაშაულის 405 ფაქტი, აქედან 287 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.
2017 წელს რეგისტრირებული იყო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 339 ფაქტი, საიდანაც 224 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.
2016 წელს რეგისტრირებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 336 ფაქტიდან 262 სისხლის სამართლის საქმეზე მსხვერპლი იყო არასრულწლოვანი.