გაძვირებული მგზავრობა და რიგები დიდუბის ავტოსადგურზე

14:53 04-26-2019
2373

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დიდუბის ავტოსადგურში მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობს. მოქალაქეებს გრძელ რიგებში დგომა უწევთ, იმისთვის რომ მგზავრობის ბილეთი შეიძინონ. ავტოსადგურში მგზავრთა ნაკადი იმდენად დიდია, რომ სადგურში არსებული ტრანსპორტი მათი ტრანსპორტირებისთის საკმარისი არ არის. სატრანსპორტო საშუალებებში ადგილების სიმცირის გამო სადგურზე მგზავრებს შორის რამდენიმე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. 

პრაიმტაიმთან საუბარში მგზავრები განმარტავენ, რომ რიგებთან ერთად პრობლემას წარმოადგენს მგზავრობის საფასურიც. მათი თქმით, სხვა დღეებთან შედარებით დღეს რეგიონების მიმართულებით გადაადგილების საშუალოდ 3- 5 ლარით არის გაძვირებული. მაგალითად, თუ წინა დღეებში ქუთაისის მიმართულებით სამარშუტო ტაქსით გადაადგილება 10 ლარი ღირდა - დღეს 15 ლარი ღირს.

გაძვირებულია მგზავრობის საფასური ავტობუსის და ტაქსის შემთხვევაშიც. ქუთაისის მიმართულებით ავტობუსით გადაადგილება 10-ის ნაცვლად 13 ლარი ღირს. ფასების მხრივ მსგავსი მდგომარეობაა სხვა ქალაქებისა და რაიონების მიმართულებითაც.

 

ავტორი: თაკო ტომარაძე