„იძულებულები ვართ, პროდუქტები საღორეში ვიყიდოთ“ - „პრაიმტაიმის“ რეიდი აგრარულ ბაზარში

15:24 04-26-2019
843

აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღე დარჩა. წითელ პარასკევს, აგრარულ ბაზრობებზე განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ის, რაც ახლა დეზერტირების ბაზარზე და მის მიმდებარედ ხდება, ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშოა.

width=600

ბაზრისკენ მიმავალ გზაზე, თამარ მეფის გამზირზე, მომხმარებლებს პირდაპირ ტროტუარზე დაყრილ მწვანილს სთავაზობენ. იგივე სურათია აგრარული ბაზრის ეზოშიც. არაესთეტიურობასთან ერთად, ასეთი მწვანილი ჯანმრთელობისთვის საშიშია!

width=600

საქონლის ხორცით დატვირთული ე.წ. „ურიკა“ შუაგულ ბაზრობაზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ელოდა მუშას, რომ დაეცალა... ურიკაზე გაფენილი მუყაოს ქაღალდი კი ისეთი დასვრილი იყო, იქ ხორცი კი არა, თავმოყვარე ადამიანი ცოცხსაც არ შემოდებდა.

ერთ-ერთ დახლზე კი რაჭული ლორი, ჰენდროს ტალახიან კონებთან ერთად იყიდება.

width=600

რა ხდება ამ დროს დახურულ ბაზრობაზე?! ისეთი მალფუჭებადი პროდუქტისთვის როგორიც ხორცია, არც იქ არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი, თუ სანიტარული ნორმები. შესაწვავი გოჭები, რომლის ფასი 100-დან  150-ლამადე მერყეობს, დაბინძურებულ და გამორთულ, ღია მაცივარში ინახება.

გარეთ გამოსულს კი ასეთი სურათი დაგვხდა: შუახნის მამაკაცი საქონლის ენას, პირდაპირ ტროტუარზე ყიდის. სანიტარული ნორმები და ტემპერატურული რეჟიმი ამ შემთხვევაშიც დარღვეულია.

width=600

სააღდგომო პასკები და სხვადასხვა ფერის ჩურჩხელები შუაგულ მზეზე აწყვია.

იმან, რაც „პრაიმტაიმის“ ფოტოობიექტივმა ბაზრობის დატოვების დროს დააფიქსირა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც დაკლულ სოფლის დედლებსა და ინდაურს ყიდდა, დიდი მონდომებით აქებდა პროდუქციას. ამ შექებაში ერთი დაკლული ინდაური დახლიდან მიწაზე გადმოუვარდა, ისევ დახლზე „შემოასკუპა“ და ომახიანი ხმით განაგრძო პროდუქციის შექება.

width=840

ბაზარში არსებული პროდუქცია მეტად იაფია, ვიდრე - სუპერმარკეტების გაპრიალებულ თაროებზე განთავსებული პროდუქტები. ამიტომაც, მომხმარებლების სიუხვე სწორედ აგრარულ ბაზრებზე შეინიშნება. „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა მყიდველმა განუცხადა, რომ კარგად იცის ჯანმრთელობის ფასი, მაგრამ იძულებულია „ძირს ნაყარი“ პროდუქტები იყიდოს.

„აქ როგორ შეიძლება თავმოყვარე ადამიანი რამეს ყიდულობდეს, მაგრამ როცა შემოსავალი თავმოყვარეობას ვერ აჭარბებს იძულებულები ვართ, პროდუქტები საღორეში ვიყიდოთ. რა ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი, მაგრამ თვალი ხარბია და ხანდახან ჩვენც გვინდება ხორცი და ყველი, დღესასწაულებზე მაინც... 5 ლარად ტალახიანი ქათამი ვიყიდე, დიდხანს მოვხარშავ და იმედია, ბაქტერიები მოკვდება“ - ამბობს 61 წლის მოქალაქე. 

width=600

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი