დევნილები, რომლებმაც ბანკის უქმე დღეების გამო დახმარება ვერ მიიღეს პროტესტს გამოთქვამენ

13:58 04-27-2019
51

დევნილები, რომლებმაც ბანკის უქმე დღეების გამო სააღდგომოდ ყოველთვიური ფულადი დახმარება ვერ მიიღეს პროტესტს გამოთქვამენ. 

„პრაიმტაიმთან“ საუბარში დევნილი ქალი ყვება, რომ მისი ოჯახი სწორედ დევნილთა შემწეობაზეა დამოკიდებული და ხელისუფლებას მოუწოდებს მოწყვლადი ადამიანების ბედი გაითვალისწინონ. 

„ძალიან კარგად იცის ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ თვიდან თვემდე  45 ლარს ველოდებით. ვიღაცეებისთვის ეს სასაცილო თანხაა, ბევრი ჩვენგანისთვის კი, ერთადერთი შემოსავალია. ჩემი ოჯახი აღდგომას წითელი კვერცხისა და პასკის გარეშე ხვდება. ერთხელ მოვიდნენ რომელიმე ბანკის ფილიალთან და ნახონ კილომეტრიანი რიგები, გვნახონ როგორ ველოდებით ისედაც მიზერულ თანხას, ჩვენ დევნილები ვართ და არა მოწყალების მთხოვნელები. ჩვენი გასაჭირი გვეყოფა, ასე გულგრილად როგორ ეკიდებიან გაუბედურებული ხალხის ბედს?“ - ამბობს ნინელი კვარაცხელია.

„პრაიმტაიმი“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით,  თანხის გადარიცხვა დროულად მოხდა და აღნიშნული პრობლემა ბანკის უქმე დღეებს უკავშირდება. 

„შემწეობას დევნილი იღებს ყოველი თვის 28 რიცხვში. სამინისტრომ თანხა გადაირიცხა დროულად, მაგრამ ბანკს დასვენების დღეეების გამო პრობლემა შეექმნა. სრულიად შესაძლებელია, დღესაც ჩაირიცხოს, - განმარტავენ უწყებაში. 

რაც შეეხება ლიბერთი ბანკს. აქ განაცხადეს, რომ დევნილები დახმარების მიღებას ხვალ დილიდან, ბანკომატების მეშვეობით შეძლებენ.