Exclusive ექსპერტიზის საგანგაშო დასკვნა - გუდაურში, შესახლებული ორი კორპუსი უნდა დაინგრეს (?!)

16:34 04-30-2019
4719

როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, გუდაურში სამშენებლო კომპანიაშია „RED-CO“ აშენებულ ორ კორპუსს, ლოფტ 1-სა და ლოფტ 2-ს დაანგრევენ. საუბარია იმ საცხოვრებელ კომპლექსზე, სადაც რამდენიმე თვის წინ, კედლებისა და ბეტონის საფარის ჩანგრევის შედეგად, კორპუსის ავტოსადგომზე შესული მანქანა ქვედა სართულზე ჩავარდა.

„პრაიმტაიმს“ სანდო წყარო უყვება, რომ  სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შენობებს ექსპერტიზა ჩაუტარა და მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით გასცა. 

„თავიდანვე არასწორად აშენდა. შენობას ბეტონის სარტყლები არ ჰქონია. რაც მდგრადობისთვის აუცილებელი იყო, ეს  ყველა მშენებელმა იცის. არ ვიცი, ფულის დაზოგვა ვისი იდეა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ 5 - სართულიანი, უკვე გაყიდული კორპუსები დასანგრევია. ვიცი, რომ ექსპერტიზის ბიურომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. გამაგრებაც კი ვერ უშველის, იმდენად ცუდადაა აშენებული. ბინების პატრონებს კი როგორ და რამდენით აუნზაღაურებს კომპანია ზარალს, არ ვიცი.  კიდევ კარგი მანქანა ჩავარდა და ხალხი არ დაზიანდა. სეზონი რომ ყოფილიყო და ბევრი მობინადრე შესულიყო კორპუსში, წარმოიდგინეთ რამხელა ტრაგედია დატრიალდებოდა. როგორ შეიძლება კორპუსი, ან შენობა უწოდო იმას, რაც მანქანის წონასაც კი ვერ უძლებს“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

როგორც კომპანია RED-CO-ში განმარტავენ, შესაძლო დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.  

მეგი წულუკიძე, RED-CO-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ნამდვილად RED-CO საპარკინგე ადგილი რამდენიმე თვის წინ ჩაინგრა, ახლა მიმდინარეობს პროექტის შესაბამისად მშენებლობა. გიდასტურებთ, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა შესაბამისი კვლევა, სადაც დადგინდა, რომ შენობების   K და L  ტექნიკური მდგომარეობა, დღეის მდგომარეობით, დამაკმაყოფილებელია. აღმოჩენილი უმნიშვნელო დაზიანებები შენობის მდგრადობისათვის საფრთხის შემცველი არ არის.ხოლო რაც შეეხება კონსტრიქციული ელემენტების, ბეტონის ხარისხის შემოწმების შედეგებს, ვიზუალური დათვალიერებით მშენებლობის საერთო ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ექსპერტიზის დასკვნები გადავუგზავნეთ ყველა მაცხოვრებელს და იციან მდგომარეობა. ჩვენ ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას, რომ საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი მოხდება, არ ვიცი ამის შესახებ არაფერი...“ - აცხადებს მეგი წულუკიძე.

შეგახსენებთ, რომ დეველოპერული კომპანია RED-CO 2012 წელს დაარსდა და კომპანიის მიერ პროექტების განხორციელება მოიცავს როგორც აპარტოტელების, საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და დამატებითი ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, ასევე მათ მშენებლობას და შემდგომ მართვას. კომპანიის ბიზნეს პორტფოლიო მოიცავს მრავალ პროექტს როგორიცაა: კურორტი ახალი გუდაური – 5 დასრულებული და 20-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელი. ბათუმი თაუერი – რომელიც მოიცავს 5ვარსკვლავიან სასტუმროს „Le Méridien Batumi“, სამორინეს და 75 ექსკლუზიურ რეზიდენციას  სასტუმრო „Radisson Blu Gudauri“, აპარტოტელი ბაკურიანში და საცხოვრებელი სახლი თბილისში.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი