პროფკავშირების წარმომადგენლები 1 მაისს აქციას გამართავენ

22:39 04-30-2019
217

ხვალ, 1 მაისს 17:00 საათზე კანცელარიასთან პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ინიციატივით აქცია გაიმართება. ირაკლი პეტრიაშვილი საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. როგორც მან „პრაიმტაიმს“ განუცხადა, ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევა, დასაქმება, ქალთა უფლებები, შიმშილის ზღარზე მყოფი მოზარდები, შრომითი უსაფრთხოებაა.

პროფესიული კავშირების გაერთიანების მიზანია, პოლიტიკისა და მედიის დღის წესრიგში შრომითი უფლებები და ხალხზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა დადგეს. ხოლო მათი მოთხოვნა მთავრობასთან სოციალური კონტაქტის გაფორმებაა.

„უკვე საუკუნეზე მეტია, რაც 1 მაისს პროფკავშირები მასშტაბურ აქციებს ატარებს. იმედი მაქვს, რომ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია გაივსება საზოგადოებით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სოციალურ კონტრაქტზე ხელის მოწერით დაადასტურებს საზოგადოებისგან გამოწვევას, ხოლო როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები, იცის პროფკავშირებმა და არაერთხელ დაამტკიცა“ - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე საპენსიო რეფორმასა და ქალთა შრომით უფლებებსაც აკრიტიკებს და „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ დამსაქმებლები ორიენტირებულები არიან 40 წელს გადაცილებული ადამიანები ვაკანტურ ადგილებზე დაასაქმონ.

„ნაცვლად იმისა, რომ მიგვეღო რეალური საპენსიო რეფორმა, მივიღეთ იაფი და გრძელი ფული ბანკებისთვის. დამსაქმებელისთვის ეს არის დემოტივირებული და ის არ დაასაქმებს 40 წელზე ქვემოთ მყოფ ადამიანებს. 40 პროცენტით ნაკლებია ქალის ხელფასი და საპენსიო დაგროვებაშიც კი დისკრიმინაციაა. კრიზისიდან ყველაზე კარგი გამოსავალი დიალოგია. ჯერ კიდევ რუზველტმა თქვა, რომ „დიალოგი და არა მონოლოგიო“.  წელიწადზე მეტია სამმხრივი კომისიის სხდომა არ ჩატარებულა და ჩვენ, საქართველოს მშრომელებს გვიწევს სწორედ დასავლეთიდან მოვახდინოთ ზეწოლა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კანონთან, საპენსიო რეფორმასთან, ქალთა და ბავშვთა უფლებებთან, სასამართლოსა და განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. თითქოს, ისინი არიან ჩვენს მიერ არჩეულები და არა საქართველოს მთავრობა. ეს აქცია არის პასუხი იმ უსამართლობებზე, უუფლებობებობასა და სიღატაკეზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სუფევს“- აცხადებს პროფკავშირების თავმჯდომარე.

როგორც „პრაიმტაიმთან“ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, სოციალური კონტრაქტი, რომელსაც პროფკავშირების გაერთიანება მთავრობას სთავაზობს  არასრულ ჩამონათვალს მოიცავს. თუმცა, გაწერილია საბაზისო მოთხოვნები. პროფკავშირები მიიჩნევს, რომ თუ მთავრობამ არ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა, მაშინ ხალხისგან შესაბამის პასუხსაც მიიღებს.

„სოციალურ კონტრაქტში არასრული ჩამონათვალია, მაგრამ თუ მთავრობას პოლიტიკური ნება გააჩნია, უნდა დადგინდეს მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა, საპენსიო რეფორმა, ქალთა უფლებები და სხვა რიგი საკითხები. პროფკავშირები მზად არის, რომ ხელი შეუწყოს ნებისმიერ ადამიანს ან ჯგუფს, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერებს იმ საკითხევს, რაც საზოგადოებას აწუხებს“ - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა, რომელიც პირველად 1872 წელს, კანადაში მოეწყო და 20-ე საუკუნეში საბჭოთა კავშირშიც საერთაშორისო მნიშნელობა შეიძინა.