უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ცოლმა, ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე 3-ოთახიანი პენტჰაუსი ბიზნეს-მაგნატისგან, ალექსანდრ ბირიაკისგან შეიძინა. ამის შესახებ სტატიას საინფორმაციო სააგენტო როიტერსი აქვეყნებს.
ოლენა ზელენსკამ მდიდრული საცხოვრებელი განსაკუთრებულ ფასად შეიძინა. მან პენტჰაუსი, საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასში იყიდა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ წერს, რომ ალექსანდრ ბირიაკი, სწორედ იმ ბიზნეს ელიტას ეკუთვნის, რომელიც წლების განმავლობაში უკრაინულ ბიზნესსა და პოლიტიკაზე დომინირებს და რომელსაც ახლადარჩეული პრეზიდენტი ზელენსკი მთელი საარჩევნო კამპანიის დროს მკაცრად ემიჯნებოდა.
ნახევარ ფასად შეძენილი მდიდრული ბინა კი ეჭვს აჩენს, რომ ზელენსკის ოჯახმა, ოლიგარქებთან კავშირებით ისარგებლა.
ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე პენტჰაუსი, ზელენსკის მეუღლემ 2013 წლის აპრილში, 163 893$-ად შეიძინა.
სააგენტო როიტერსმა ვერ დაადგინა, თუ რატომ მიჰყიდა ალექსანდრ ბირიაკმა ბინა ზელენსკის ცოლს ამ ფასად. ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან ოლენა ზელენსკიმ თავი შეიკავა. როიტერსთან ამ საკითხზე საუბარზე უარი განაცხადა თავად ბირიაკმაც.
ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 73.22%-ით გაიმარჯვა.