„პრაიმტაიმში“ გასულ ვიდეოს „ტანსაცმელსა და სათამაშოებზე მეოცნებე ბავშვები - მარტოხელა დედა 5 ბავშვთან ერთად ყოფილ სახანძროში ცხოვრობს“ გამოხმაურება მოჰყვა. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, შორენა მოსიძე საქართელოში მყოფ მეგობრებს დაუკავშირდა და მრავალშვილიან ოჯახთან საჩუქრები გაატანა.
„პრაიმტაიმს“ 5 შვილის მარტოხელა დედა დაუკავშირდა. ნინო კაპანაძის თქმით, მის ოჯახს ახლა უამრავი პროდუქტი და ჰიგიენური საშუალება აქვს. ოჯახი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც „პრაიმტაიმის“ მიერ გავრცელებული ვიდეორგოლის გავრცლების შემდეგ, დახმარების ხელი გაუწოდა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც დაგვეხმარა და ჩემი შვილების გაჭირვება გულთან მიიტანა. მას შემდეგ, რაც „პრაიმტაიმმა“ ჩვენს შესახებ ვიდეო გაუშვა, უამრავი ადამიანი გამოგვეხმაურა. ზოგმა ცოტა რამ მოგვიტანა, ზოგმაც - ბევრი. ვისაც რისი საშუალება ჰქონდა ჩემს შვილებს უწილადეს. მადლიერი ვარ ყველაფრის და მინდა, ოდესმე ჩვენც გადავუხადოთ სიკეთითვე. ვისარგებლებ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი კონტინენტს მიღმა, ამერიკაში მცხოვრებ ქართველს, შორენა მოსიძეს, რომელმაც თავისი მეგობრების ხელით უამრავი საკვები და ჰიგიენური საშუალებები გამოგვიგზავნა. იქაც კი, თავის თანამოქალაქეებზე დარდი არ ასევენებს, ამ უკეთილშობილეს ქალბატონს. ბედნიერი ვარ, რომ ვიცი, რამდენიმე კვირა ჩემს შვილებს არ მოშივდებათ... ეს ჩემთვის დიდი შვებაა. ისე გემრიელად მიირთმევდნენ მონატრებულ ფუნთუშებსა და ქადებს, სიხარულით და თვით ბრალეულობის განცდით, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. შეგვიმსუბუქდა გაუსაძლისი მდგომარეობა. ახლა, ჩვენს დიდ პრობლემად უშუქობა დარჩა. შეშაც აღარ გვაქვს, რომ ბავშებს საჭმელი გავუკეთო. ჩვენთან ხომ გაზიც არაა შემოყვანილი. ელექტროენერგიისთვის 400 ლარია საჭირო და ეს პრობლემაც მოგვარდება. ისევ შორენას მსგავსი კეთილი ადამიანების იმედად ვარ“ - განაცხადა ნინო კაპანაძემ.