ეს იქნება ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ტელემიმართვა - ამბობს ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მასობრივი არეულობითა და შესაძლო დამხობით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ თბილისში გაეროს ეგიდით აღლუმი ჩატარდება.
უცნობია, კონკრეტულად რა აღლუმი იმართება გაეროს ეგიდით, თუმცა თავად ბიზნესმენი ირწმუნება, რომ ეს იქნება გარყვნილების აღლუმი.
„აშშ-ს საელჩომ გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს გაეროს ეგიდით ჩასატარებელ გარყვნილების აღლუმს თბილისში, რომელსაც ხელისუფლებაც უჭერს მხარს. მინდა მივმართო მათ, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გაბედოთ ამის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ მასობრივ არეულობას, რომელიც შესაძლოა თქვენი ხელისუფლების დამხობით დასრულდეს და ამაზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ", - აცხადებს ლევან ვასაძე.
ბიზნესმენი იქვე მიმოიხილავს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს და ამბობს, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ამის დასტურად კი ვასაძეს მისი ფრანგი მეგობრის სატელეფონი ზარი მოჰყავს, რომელმაც უთხრა, რომ ნოტრ-დამის ხანძარი ფრანგების ცოდვებს უკავშირდება.
„არ შეიძლება ნოტრ-დამის ხანძარი შემთხვევითობა იყო. ჩემმა ფრანგმა მეგობარმა ფაბრიკ სოლანმა, მეღვინემ, რომელმაც პარიზში მამათმავლების აღლუმის წინააღმდეგ 2 მილიონი კაცი გამოიყვანა აქციაზე, გამაღვიძა და მითხრა - ლევან ძმაო, ეს ყველაზე მძიმე წუთებია ჩემს ცხოვრებაში. შევეცადე გამემხნევებინა - უფალი დაიფარავს საფრანგეთსთქო. არა, ღირსები ვართ, იმდენი ცოდვა გვაქვსო - მითხრა ჩემმა მეგობარმა. გული მომიკვდა ჩემი მეგობრის საცოდაობით. კიდევ რამდენჯერმე მომწერა იმ უძილო ღამეს, გამთენიისას კი მითხრა - უფლის გვირგვინი გადარჩაო", - ამბობს ლევან ვასაძე საკუთარ მიმართვაში.