სანაპირო დაცვის დეპარტამენტში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

15:46 05-09-2019
119

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა და ამავე კომიტეტის წევრებმა დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები და ნატოს საზღვაო ძალებსა და საქართველოს სანაპირო დაცვას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება განიხილეს. გარდა ამისა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა და პარლამენტარებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ამ მხრივ შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა თემურ კვანტალიანმა, პარლამენტარებს ცენტრის სამოქმედო გეგმა გააცნეს. ასევე, დეპუტატებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით რეფორმების მიმდინარეობის შესახებ.

დეპუტატები ასევე, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე იმყოფებოდნენ. მათ ადგილზე იხილეს აშშ-ს მიერ გადმოცემული აილენდის კლასის ხომალდების შესაძლებლობები და ღია ზღვაში აბორდაჟის საჩვენებელი სწავლება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა სანაპირო დაცვაში მიმდინარე პროექტები დადებითად შეაფასეს.