ვანო მერაბიშვილს სავარაუდოდ 14 მაისს გამოკითხავენ

19:20 05-09-2019
66

ვანო მერაბიშვილს სავარაუდოდ 14 მაისს გამოკითხავენ. საქმე ეხება ყოფილი პრემიერის ციხიდან გაყვანის სავარაუდო ეპიზოდს. როგორც პრაიმტაიმს მერაბიშილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, ამ საქმეზე, ყოფილი პრემიერის გამოკითხვის მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას,  ადვოკატმა მიმართა.

გამოკითხვა ჩემი მიმართვის საფუძველზე ჩაინიშნა. თუმცა, მე ვითხოვდი მერაბიშვილის, როგორც დაზარალებულის და არა როგორც მოწმის სტატუსით გამოკითხვას. ზოგადად, არ მაქვს რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი. ეს არის მხოლოდ ფორმალობა. ვანო მერაბიშვილი თავის დროზე აცხადებდა, რომ მას შეეძლო იმ პირების ამოცნობა, რომლებმაც ის საკნიდან გაიყვანეს. თუმცა, მაშინ ხელისუფლებამ გამოძიება შეწყვიტა. მას შემდეგ უკვე 5 წელი გავიდა. ეს ადამიანები ხომ შეიცვლებოდნენ?- აქედან გამომდინარე, არ ვიცი კიდევ შეძლებს თუ არა ვანო მერაბიშვილი ამ ადამიანების ამოცნობას.- განაცხადა ყოფილი პრემიერის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მერაბიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, მერაბიშვილის ციხის საკნიდან შესაძლო გაყვანის საქმეზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ დაიწყო და საქმის მოკვლევა 2017 წელს დასრულდა. უწყების მტკიცებით, ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ივანე მერაბიშვილის მიმართ მის მიერ გაცხადებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. 

მოგვიანებით, 2018 წლის 12 ივლისს  ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს  გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის ციხის საკნიდან სავარაუდო გაყვანის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ განახლდა. აღნიშნული საქმეს საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო იძიებს.