ქართული გეი დრამის ტრეილერი - ფილმს კანის კინოფესტივალზე აჩვენებენ

12:04 05-10-2019
283

მიმდინარე წელს კანის კინოფესტივალზე ქართველ მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის Then We Danced-ის პრემიერა გაიმართება. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა. 

ფილმი რეჟისორმა ლევან აკინსმა გადაიღო, რომელიც წარმოშობით საქართველოდან არის. რეჟისორი ამბობს, რომ ამ ფილმით ის საკუთარ ფესვებს დაუბრუნდა. 

„ამ ფილმის საშუალებით, მე როგორც რეჟისორი ჩემს ფესვებს დავუბრუნდი, ძალიან ორგანულად ვმუშაობ ფილმზე, რომელზეც ნამდვილი ადამიანების ისტორიები და საქართველოში მიმდინარე ამბები დიდ გავლენას ახდენს. ფილმი მცირე მასშტაბით ყვება ისტორიას ახალგაზრდა LGBTQ+ ადამიანებისა და მათი ბრძოლების შესახებ, უფრო დიდი მასშტაბით კი ანახებს რა სიტუაციაა დღეს საქართველოში”, - განმარტავს ლევან აკინსი.

რეჟისორი ასევე ღიად საუბრობს, რომ მას 17 მაისის მოვლენებმა ნათლად დაანახა, თუ როგორია საქართველოში დამოკიდებულება  განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების მიმართ.

„როდესაც 2013 წელს, თბილისში მამაცი ბავშვები გამოვიდნენ [17 მაისს] და მათ მართმადიდებლური ეკლესიის მიერ ორგანიზებული ათასობით ადამიანი დაუპირისპირდა, მივხვდი რომ ეს ამბავი რაიმე გზით უნდა გამეჟღერებინა”, - წერს ლევან აკინსი.

რაც შეეხება ფილმის Then We Danced ფაბულას, ამაზე სურათის აღწერაშია საუბარი.

„მერაბი ადრეული ასაკიდან მარისთან ერთად ცეკვავს ქართულ ნაციონალურ ანსამბლში. მისი სამყარო ამოყირავდება, როდესაც ქარიზმატული ირაკლი გამოჩნდება და მერაბს მისი ძალიან ძლიერ სურვილი გაუჩნდება. ამ კონსერვატიულ გარემოში მერაბს გათავისუფლება და რისკზე წასვლა უწევს”, - წერია ფილმის აღწერაში. მაყურებლითვის უკვე ხელმისაწვდომია ფილმის თრეილერიც.

წყარო: ტაბულა

 

ავტორი: თაკო ტომარაძე