პროკურატურა - ტერორიზმის იდეოლოგიის პროპაგანდა ინტერნეტის და სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება

14:42 05-15-2019
48

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისათვის 2015-2016 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი 11 პირის მიმართ დადგა. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

უწყების ინფორმაციით, მთლიანად ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებს, 2018 წლის 01 იანვრიდან 30 დეკემბრამდე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ.

„ჩვენს წინაშე წარმოიშვა ტერორისტული მიზნებისთვის როგორც საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გამგზავრების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების პრობლემა. ამ კატეგორიის დანაშაულთა ანალიზმა ცხადყო, რომ ტეროტიზმის იდეოლოგიის პროპაგანდა და განმტკიცება, ხდება ინტერნეტის, სოციალური ქსელების და სხვადასხვა გზების მეშვეობით. რიგ შემთხვევაში ამავე ხერხით ხდება ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისაკენ მოწოდებაც. საქართველოს პროკურატურის და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაიდგა. მოხდა ზემოთხსენებული საქმიანობით დაკავებულ პირთა ქმედებების სამართლებრივი შეფასება და 33 მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

ნოვაციურმა მიდგომამ და შესაბამისმა პრევენციულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა პირთა მიგრაცია, როგორც ე.წ. ,,ისლამურ სახელმწიფოში“, ასევე სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში. შემცირდა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერთა რაოდენობაც და საქართველოში მათი გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა. ზემოთხსენებული მიდგომის დადებითი კონტექსტი აისახა ამ კატეგორიის დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელშიც.

კერძოდ, ტეროტისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისათვის 2015-2016 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 11 პირის მიმართ. ხოლო 2017-2018 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 3 პირის მიმართ. რაც შეეხება მთლიანად ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებს, 2018 წლის 01 იანვრიდან 30 დეკემბრამდე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ. აქედან 7 პირის მიმართ უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში.

ტერორიზმთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით 2018 წელს, პროკურორებმა სხვა საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გაიარეს სწავლება ტერორიზმის საქმეების გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის თემაზე. წლის განმავლობაში განხორციელდა 3 აქტივობა და სასწავლო კურსის ფარგლებში განიხილებოდა ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლა, სხვა ქვეყნებში და კონფლიქტის ზონებში მტკიცებულებების მოპოვების, საზღვრის უკანონოდ კვეთის და სხვა აქტუალური საკითხები,“ - აღნიშნულია ანგარიშში. 

გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

საგამოძიებო უწყება მუშაობის ამსახველი ანგარიშით პარლამენტში პირველად შევიდა, რა ვალდებულებაც მას ახალი რეგლამენტის საფუძველზე დაეკისრა.

47-გვერდიანი ანგარიში ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

ანგარიში თავდაპირველად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც დოკუმენტი კომიტეტებსა და ფრაქციებს გადაეცემა. მას სავალდებულო წესით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

ანგარიში 47-ფურცლიანია, სადაც მიმოხილულია მთავარი პროკურატურის საქმიანობა. კერძოდ, სისხლის სამართლის პოლიტიკა და ზოგადი კრიმინოგენური ვითარება.