17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოში ლგბტ თემი მსვლელობას არ გამართავს.
თანასწორობის მოძრაობიდან პრაიმტაიმს უთხრეს, რომ ამის მიზეზი საზოგადოების გარკვეულ წრეებში არსებული ნეგატიური განწყობებია, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს.
ხვალ არაფერი არ იგეგმება, რადგან საჯარო დემონსტრაციას აუცილებლად მოჰყვება ძალიან სერიოზული რისკები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დავინახეთ, რომ ასეთი ღონისძიებები ყოველთვის შეხლა -შემოხლით და ძალადობის გამოვლინებით სრულდება. წელს ვგეგმავდით, რომ მხოლოდ ბანერები გაგვეკრა მეტროსადგურებსა და ავტობუსის გაჩერებებზე. ეს უნდა ყოფილიყო პოსტერები ლგბტ მესიჯებით. თუმცა, სამწუხაროდ, სარეკლამო კომპანიამ უარი გვითხრა. შესაბამისად, ყველა ის გზა ჩაგვეხშო, რითაც საზოგადოებისთვის შეიძლებოდა ხმა მიგვეწვდინა.- აცხადება ლევან ბერიანიძე- “თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი.
17 მაისს არაფერს გეგმავს არც არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობა. ორგანიზაციის ბათუმის წარმომადგენელი მარიამ ქაჯაია პრაიმტაიმს უყვება, რომ ისინი მხოლოდ საჯარო ლექციით შემოიფარგლებიან, ისიც 18 მაისს.
სამწუხაროდ, 17 მაისს, ყველა აუდიტორია დაკავებული იყო. ამიტომ, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექციას 18 მაისს წავიკითხავთ. ლექცია მიეძღვნება სწორედ 17 მაისის თემას და მისი მნიშვნელობის კრიტიკულ გადააზრებას ემსახურება.- აცხადებს არსამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის ბათუმის ფილიალის წარმომადგენელი მარიამ ქაჯაია.
17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ღონისძიებები, რომლებიც ამ დღეს მსოფლიოს მასშტაბით იმართება, ლგბტ უფლებებისა და ძალადობის წინაარმდეგ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ავტორი:თაკო ტომარაძე