უცნაურია, როდესაც მხოლოდ წითელას შემოტანის რისკზე აფრთხილებს ქვეყანა თავის მოსახლეობას და არა თავის ქვეყანაშივე არსებულ საფრთხეებზე - პასუხი ისრაელის ჯანდაცვას

13:19 05-16-2019
61

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას საქართველოს საშიშ ქვეყანათა სიაში მოხვედრის თაობაზე, ისრაელში საქართველოს საელჩოს შემდეგ, ჯანდაცვის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტიც გამოეხმაურა.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახარიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბარში განაცხადა, უცნაურია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია, როცა საუბრობს სხვა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და თავად ისრაელში წითელას შემთხვევებზე - არა. მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, ევროპის 53 ქვეყნიდან 47-შია გავრცელებული, მათ შორის ისრაელში. გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში დღეის მონაცემებით წითელას 3500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

„საქართველოში წითელას ერთეული შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება. ავადდებიან ადამიანები, ვინც არ არის წითელას საწინააღმდეგოდ აცრილები. დღეს მთელი მსოფლიო, მათ შორის ისრაელი, თავის მოსახლობას ცრის წითელას საწინააღმდეგო ვაქცინით. ყველა აცრილი ადამიანისათვისთვის წითელა და წითელათი დაავადებულ ადამიანთან შეხვედრა არის აბსოლუტურად უხიფათო. ნებისმიერმა ტურისტმა, რომელ ქვეყანაშიც უნდა მოგზაურობდეს, უნდა გადახედოს საკუთარი აცრების კალენდარს, თუ არ არის აცრილი, ჩაიტაროს იმუნიზაცია და უსაფრთხოდ იმოგზაუროს ამა თუ იმ ქვეყანაში. უცნაურია, როდესაც მხოლოდ წითელას შემოტანის რისკზე აფრთხილებს ქვეყანა თავის მოსახლეობას და არა თავის ქვეყანაშივე არსებული შეთხვევების გამო. გვქონია შემთხვევები, როდესაც შემოსულა ტურისტი წითელათი, ან ჩვენს ქვეყანაში გამოუვლინდა სხვაგან მიღებული ვირუსი და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არის მზადყოფნაში, ასეთ ადამიანებს აღმოუჩინოს ადექვატური სამედიცინო მომსახურება, ისე, რომ აქ სახიფათოს და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ. წითელა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, 2019 წელი მსოფლიოს დაამახსოვრებს თავს წითელას უჩვეულო გავრცელებით“ - განმარტავს ხათუნა ზახარიშვილი.

რამდენიმე დღის წინ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ, მოსახლეობა გააფრთხილა, რომ არ იმოგზაურონ ისეთ ქვეყნებში, სადაც წითელას მწვავე ვირუსული დაავადება მძინვარებს. ქვეყნების ჩამონათვალში საქარველოც მოხვდა. დღეს საქართველოს საელჩომ ისრაელში, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ამ სკანდალურ განცხადებას, რომ საქართველო მისი მოქალაქეებისთვის საშიშ ქვეყნებს შორისაა, სტატისტიკით უპასუხა.

 

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წელს არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, რომ ისრაელის მოქალაქეს საქართველოს ჯანდაცვის დაწესებულებისთვის წითელას დაავადებით მიემართა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი