LGBT თემი, ქართული მარში, საპატრიარქო- რა იგეგმება 17 მაისს

14:18 05-16-2019
93

- თანასწორობის მოძრაობა-

არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობა ხვალ, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს არანაირ აქტივობას არ გეგმავს. ორგანიზაციის ერთადერთი გეგმა ამ დღეს, მეტროსადგურებსა და ავტობუსის გაჩერებებზე ლგბტ თემატიკის შემცველი პოსტერების გაკვრა იყო- თუმცა, სარეკლამო კომპანიამ მათ ამაზე უარი უთხრა.

- იდენტობა-

17 მაისს, საჯარო ლექციის გამართვა სურდათ არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის ბათუმის ფილიალის წარმომადგენლებს. თუმცა, ეს ღონისძიება 18 მაისისთვის გადადეს, რადგან 17 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში თავისუფალი აუდიტორია არ იყო. ლექცია  17 მაისის თემატიკას მიეძღვნება. 

- ქართული მარში-

ქართული მარში ხვალ, 17 მაისს, 15 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბება. მოგვიანებით კი, ორგანიზაციის აქტივისტები 17 საათზე, ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას შეუერთდებიან.

  ჩვენი მიზანია დავიცვათ ოჯახის სიწმინდე გარყვნილებისგან და ხალხს ტრადიციული ოჯახების შემქნისკენ და გამრავლებისკენ მოვუწოდოთ. უკვე დავამზადეთ შესაბამისი პლაკატები და მაისურები. 17 მაისს ვერანაირ ინიციატივას ვერ ავიღებთ ჩვენს თავზე. რასაც იტყვის საპატრიარქო, ხვალ გაკეთდება ის. თუ, ვინმე დაგვესხმება თავს- თავს დავიცავთ. ისე ჩვენ არავისზე ვაპირებთ თავდასხმას.- განუცხადა პრაიმტაიმს სანდრო ბრეგაძემ.

-საპატრიარქო-

ხვალ, საქართველოს საპატრიარქო სახალხო მსვლელობას გამართავს. ეკლესია ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავს. მსვლელობა 17 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება. ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, რის შემდეგაც 20 საათზე ტაძრის ეზოში კონცერტი გაიმართება. 

17 მაისი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ღონისძიებები, რომლებიც ამ დღეს მსოფლიოს მასშტაბით იმართება, ლგბტ თემის უფლებებისა და ძალადობის წინააღმდეგ  ცნობიერების ამაღლებას  ემსახურება.

2013 წლის 17 მაისს, ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასტიკად დაარბიეს, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა. 

2014 წლიდან, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადდა.

 

ავტორი: თაკო ტომარაძე