როგორ აღინიშნებოდა საქართველოში ჰომოფობიასთან ბრძოლისა და ოჯახის სიწმინდის დღე

17:31 05-16-2019
242

17 მაისი ჰომოფობიასთან  და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით, ლგბტ თემის პირველი აქცია - თბილისში, 2011 წელს გაიმართა. აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. სისხლიანი აღმოჩნდა 2013 წლის 17 მაისი. ამ დღეს, ლგბტ თემს დემონსტრანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნახეთ, როგორია 17 მაისის ქრონოლოგია 2011 წლიდან დღემდე.

 

2018 წელი

2018 წელს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია ორგანიზატორებმა წინა დღეს გააუქმეს. ლგბტ თემმა მიზეზად დაპირისპირების საფრთხე დაასახელა. თუმცა, ორგანიზატორების მიერ აქციის გაუქმების მიუხედავად, მთავრობის სახლთან აქტივისტების ნაწილი საკუთარი გადაწყვეტილებით მაინც შეიკრიბა. აქცია მთავრობის კანცელარიასთან პოლიციის კორდონით დაცვის პირობებში მიმდინარეობდა. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია გაიმართა. პოლიციამ შეკრებილებს კანცელარიასთან გადაადგილების საშუალება არ მისცა. მიუხედავად ამისა, ლგბტ თემის რამდენიმე წარმომადგენელი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მაინც გახდა. ამ დღეს შსს-მ პოლიციის განყოფილებაში 40 მდე ადამიანი გადაიყვანა.

 

2017 წელი

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღემ საქართველოში დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. ლგბტ აქტივისტები მთავრობის სახლთან მხოლოდ ერთი საათით შეიკრიბნენ. ისინი კანცელარიასთან პოლიციამ სპეციალურად მათთვის გამოყოფილი მიკროავტობუსებით, შემოვლითი გზით მიიყვანეს.

პარალელურ რეჟიმში, სასულიერო პირების და მრევლის მონაწილეობით ოჯახის სიწმინდის დღეს აღინიშნა რუსთაველის გამზირზე. 

 

 

2016 წელი

ლგბტ აქტივისტებმა სასტუმრო რედისონის წინ ცისარტყელას ფერებში შეღებილი ტაბურეტი დადგეს. ამ დროს რედისონში ლევან ვასაძის მოწვევით მსოფლიო ოჯახის კონგრესი მიმდინარეობდა. რამდენიმე წუთში ლგბტ აქტივისტებს პოლიციამ სკამი ააღებინა. დაახლოებით ერთ საათში კი, სასტუმრო რედისონთან სასულიერო პირები შეიკრიბნენ. მათ ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის აღსანიშნად, ხატებით მსვლელობა მოაწყვეს და რუსთაველის გამზირის გავლით სამებისკენ გაემართნენ.

 

 

2015 წელი

ჰომოფობია და ტრანსფობია მრგვალ ბაღში აქტივისტების მცირე ჯგუფმა გააპროტესტა. შეკრებამ მშვიდად ჩაიარა. ადგილზე პოლიციას უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები ჰქონდა მიღებული. უსაფრთხოების მიზნით,სამართალდამცავებმა ტერიტორიაზე ყველა შესასვლელი გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებული იყო 20-მდე ავტობუსი. 

 

 

2014 წელი

2014 წელს საქართვ​ელოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა გაიმართა. ლგბტ აქტივისტებმა კი პუშკინის სკვერში აქცია-ინსტალაცია უხილავების პროტესტიმოაწყვეს. თუმცა, თავად არ გამოჩენილან. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

ეს ცარიელი ფეხსაცმელები აქ დგას იმ ადამიანების ნაცვლად, ვისაც ერთი წლის წინ, 17 მაისს ეყო გამბედაობა, წინ აღდგომოდა ერთ-ერთი ჯგუფის, ლგბტ თემის უხილავობას, ვინც სცადა ჩვენი მხილება დაუნდობლობაში და ჩვენი საერთო გამოწვევების შესახებ საუბარი.

 

 

2013 წელი

რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლგბტ აქტივისტების ჯგუფის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ტერიტორიიდან ლგბტ აქტივისტები პოლიციამ ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. ამ დღეს ფიაზიკური დაზიანებები ათეულობით ადამიანმა მიიღო.

 

 

2012 წელი

ლგბტ თემის აქტივისტები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და რუსთაველი მიმართულებით მოაწყვეს მსვლელობა. თუმცა, მეცნიერებათა აკადემიასთან მათ მართლმადედებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები დახვდნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. პოლიციამ მხარეები ერთამანეთისგან განაცალკევა და აქცია დაიშალა.

/

 

 

2011 წელი

ასოციაცია „ინკლუზივის“ ორგანიზებით, მეტეხის ხიდთან აქციის 40 -მდე პირი შეიკრიბა. მათ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგეს პატივი. აქციის მონაწილეებმა ქაღალდის ფერად ყვავილებში სანთლები დაანთეს და შემდეგ მდინარე მტკვარში ჩაუშვეს. ამ დღემ მშვიდობიანად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. ეს იყო პირველი ოფიციალური ლგბტ აქცია თბილისში, რომელიც ქუჩაში გაიმართა.

ავტორი: თაკო ტომარაძე