არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ. როგორც არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, 19 მაისს რამდენიმე საარჩევნო ოლქში რიგგარეშე/შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს, ბოლო კვირის განმავლობაში კი ზუგდიდის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური პროცესები უკიდურესად გამწვავდა.
„მიგვაჩნია, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ სიტუაციის უფრო გამწვავებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კანდიდატს საშუალება ჰქონდეს, მშვიდ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია და ამომრჩეველს ხელი არ შეეშალოს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვაში.
რამდენიმე დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატსა და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროისთვის პოლიციამ დააკავა ერთი პირი. სამი დღის წინ, ასევე, გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების” ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია ფიგურირებს. ჩანაწერში ისმის, როგორ საუბრობს დანელია მიღებულ ინსტრუქციაზე, რომელიც ეხება ამომრჩეველზე ზეწოლას, მოსყიდვასა და გატაცებას. ჯერჯერობით უცნობია, ეს ჩანაწერი როდის არის გაკეთებული.
გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატზე თავდასხმისა და ვიდეოჩანაწერისა, ბოლო დღეებში სიტუაცია რამდენიმეჯერ გამწვავდა ზუგდიდის საკრებულოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
ჩვენი ინფორმაციით, არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესებში ჩასართველად კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერი პარტიების მიერ მობილიზებულია რამდენიმე ათასი ადამიანი, რის გამოც არსებობს მხარეებს შორის ფიზიკური კონფრონტაციის მაღალი რისკი.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აგრესიისა და დაპირისპირებისგან, რათა საარჩევნო პროცესებს გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს.
ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცველ და საგამოძიებო უწყებებს, პოლიტიკური მიუკერძოებლობის დაცვით, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა კანონიერი რესურსი საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად და შესაძლო კანონდარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
19 მაისს, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.
წინასაარჩევნოდ სიტუაცია დაიძაბა ზუგდიდში. შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ადანაშაულებენ.