ილია მეორე - გახსოვდეთ, ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან

19:21 05-17-2019
1433

მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ან ერთ-ერთი მაინც, დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ მათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა- კურთხევა„ - ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს. ილია მეორემ ქადაგების დროს ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, კანონიერი ოჯახი მხოლოდ ქალისა და კაცის თანაცხოვრებისგან შედგება.

უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მე მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ან ერთ-ერთი მაინც, დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა- კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენს ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან, ბედნიერი იყავით, ბედნიერი იყოს ყოველი ოჯახი საქართველოსი და მსოფლიოსი, ჩვენთან არს ღმერთი, - განაცხადა პატრიარქმა.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ამ წუთებში, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი პარაკლისს აღავლენს. 

ავტორი: თაკო ტომარაძე