„ქართული ოცნების“ ლიდერები გაფიცული მაღაროელების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ

20:22 05-17-2019
56

პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ლიდერები ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„დღეს ჭიათურაში შევხვდით გაფიცულ მაღაროელებს და მოვისმინეთ მათი მოთხოვნები. შეუძლებელია, ვინმემ მოუსმინოს ამ ადამიანებს და გულგრილი დარჩეს მათი პრობლემების მიმართ. ჩვენ მოვუწოდეთ კომპანია ჯორჯიან მანგანეზს, მოესმინათ მაღაროელებისთვის და მიეღოთ ზომები მათი სამართლიანი მოთხოვნების შესასრულებლად.

სამწუხაროა, რომ დღევანდელი მოლაპარაკება შეთანხმებით ვერ დასრულდა. მოვუწოდებთ კომპანიის ხელმძღვანელობას, დაუყოვნებლივ განაგრძონ მოლაპარაკებები, გაითვალისწინონ გაფიცულთა ყველა სამართლიანი მოთხოვნა და დაიწყონ ზრუნვა მათი სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე.

თუ მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები არ დასრულდება შეთანხმებით, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავერთვებით საქმეში და მივიღებთ ზომებს მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

განცხადებას ხელს აწერენ კახა კალაძე - პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი - პარტიის პოლიტიკური მდივანი, ირაკლი კობახიძე - პარტიის აღმასრულებელი მდივანი.