ლევან ვასაძე მომღერლებზე - ვილოცებ მაგ ხალხისთვის

22:43 05-17-2019
1228

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ახალ ვიდეო- მიმართვას ავრცელებს, სადაც  იმ მომღერლებს აკრიტიკებს, ვინც ოჯახის სიწმინდის დღეს, საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა. ბიზნესმენი მათ ჭინკებსა და ლიბერასტებს უწოდებს- თუმცა, ამბობს რომ მათთვის ილოცებს.

წავიკითხე ათასობით თუ არა, ათი და ოცი ათასობით ადამიანის ლანძღვა- გინება იმ ადამიანების მიმართ, ვინც საპატრიარქოს კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა, დაფრთხა, შეეშინდა და დაიმალა. მე ნამდვილად არ მიმაჩნია თავი სხვაზე მეტ ქრისტიანად, თუმცა მეგობრებო, თუ ამ ადამიანებს- ჭინკებსა და ლიბერასტებს ვლანძღავთ და დედას ვაგინებთ, მაშინ რითიღა განვსხვავდებით მათგან? მე ვილოცებ მაგ ხალხისთვის.- აცხადებს ვიდეო მიმართვაში ლევან ვასაძე.

ლევან ვასაძე იმ ადამიანებსაც პასუხობს, ვინც ის  17 მაისთან დაკავშირებით გაკეთებული ტელემიმართვის გამო მკაცრად გააკრიტიკა.

მიჩვეული ვარ ლანძღვას ჭინკების და ლიბერასტების მხრიდან. თუმცა, არ ვაპირებ მათთან პოლემიკაში შევიდე, რადგან ასეთ შემთხვევაში მე მათ გულს ვატკენ. მე ჭინკებისთვისაც კი არ გამიცია არასდროს პასუხი პირად შეურაცხყოფასა და კრიტიკაზე.

ნებისმიერ ადამიანს, ვინც თავის თავს საერთო ეროვნულ ოჯახის წევრად მიიჩნევს მზად ვარ პირისპირ შევხვდე, კაცურად ერთი-ერთზე გავუშალო სუფრა, დავდგა მაგიდაზე ღვინო და უბადლო ქართული სუფრის წესის შესაბამისად ვესაუბრო. მზად ვარ, თვალი გავუსწორო ნებისმიერ მამაკაცს ან დედაკაცს, ვისაც ჩემთან საუბარი სურს- აცხადებს ლევან ვასაძე.

ლევან ვასაძის ბოლო მიმართვას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტელემიმართვაში ვასაძე ხელისუფლებას მასობრივი არეულობითა და დამხობით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გეი აღლუმი გაიმართებოდა. 

 



ავტორი: თაკო ტომარაძე