კობახიძე - ზუგდიდში დესტრუქციის გარკვეული საფრთხე არსებობს

09:52 05-19-2019
43

დღეს ზუგდიდში ფიქსირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების არაპროპორციული კონცენტრაცია. შესაბამისად, არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების„ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, წინასაარჩევნო პროცესებმა ორი თვის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთმა მხარემ სცადა პროცესში ხელოვნურად არეულობის შეტანა.

„დღეს ზუგდიდში ფიქსირდება მათი ამომრჩევლების არაპროპორციული კონცენტრაცია. შესაბამისად, არსებობს დესტრუქციის გარკვეული საფრთხე. ჩვენს აქტივისტებს მინდა შევახსენო, რომ პროვოკაციებზე რეაგირება არა მათი, არამედ სამართალდამცელი უწყებების ფუნქციაა.

შესაბამისად, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ამგვარ გადაცდომებზე რეაგირებისგან, ხოლო სამართლამდაცავ ორგანოებს მოვუწოდებ, მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში და დარღვევების გარეშე წარმართვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.