კალაძე მხარდამჭერებს - დავანახოთ ყველას, როგორი ერთიანები და ღირსეულები ვართ

11:16 05-19-2019
45

მიმდინარე საარჩევნო პროცესი ბრიფინგზე შეაჯამა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო იმ მოქალაქეებს, ვინც უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა.

„მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს ზუგდიდში, ჭიათურაში, ზესტაფონში, მარნეულსა და ხულოში, მაქსიმალურად იაქტიურეთ და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი. ასევე მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს საგარეჯოში, ადიგენში, ტყიბულში, წყალტუბოში, ოზურგეთსა და ახმეტაში, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, თუ როგორი ერთიანები, ძლიერები და ღირსეულები ვართ. მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო ჩემს ძვირფას თბილისელებს, მთაწმინდის მოსახლეობას, რომელიც უამრავი ისტორიის მნახველია, ყოველთვის იდგა ქვეყნისთვის საჭირო ადგილას და ახლაც, დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებს. თითოეული თქვენგანის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ყველა წინასწარი პროგნოზის მიხედვით, თქვენი მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების ძალიან დიდი, რეალური შანსი გვაქვს. ამიტომ, ნუ დაიზარებთ, გამოცხადდით საარჩევნო უბნებზე და ერთად ვიზეიმოთ პირველივე ტურში გამარჯვება“, განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.