„ვის ეშინია ბიჭო თქვენი“ - ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის მე-9-ე საარჩევნო უბანზე (ვიდეო)

11:19 05-19-2019
143

ზუგდიდში მე-9-ე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა. რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირება იყო მოქალაქეებს შორის. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ უბანზე ფულის დარიგების სავარაუდო ფაქტი გამოვლინდა. რასაც ოცნების წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ.

დილიდან ყველაზე მეტი აქტივობა ზუგდიდში ფიქსირდება. წინასაარჩევნოდ დაწყებული დაძაბულობა და დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მათ აქვთ ვიდეო, რომელშიც ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებია დაფიქსირებული.

„ინციდენტი იქიდან დაიწყო, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიები ჰქონდათ, რომელთაც იყენებდნენ ამომრჩეველთა მოსასყიდად, რაც ეს უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. მე როდესაც მოვედი, ჩვენმა წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტულად ვიდეო მასალა აქვთ, როგორ ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა. მე ეს ჯერ არც მინახავს, რადგან იმ მომენტში უკვე ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, თუმცა გადმოგვცემენ ამ ვიდეოებს და საზოგადოებას წარვუდგენთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დღეს, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.