იმ დროს, როდესაც თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას მშობლიურ სოფელში სიტუაცია იძაბება, სად არის ამ დროს თავად ნარმანია... როგორც ირკვევა, სემეკის წევრი, რომელიც არც პოლიტიკურ თანამდებობაზე იმყოფება და არც პოლიტიკური პარტიის წევრია, უკვე რამდენიმე დღეა კოკში ოჯახთან იმყოფება.
„პრაიმტაიმს“ მან ინტერვიუც მისცა
- ეს დღეები კოკში ვიმყოფები. აქ მე ოჯახი მყავს - დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ჩემი ძმაც აქ არის.
- სამსახურს აცდენთ?
- ვიცი საითაც მიგყავთ. სამსახურში შვებულება მაქვს დაწერილი.
- როდემდე?
- დღეის ჩათვლით.
- უცნაური იქნება, თუ გვეტყვით, რომ არჩევნების დროს აქ შემთხვევით აღმოჩნდით...
- რა თქმა უნდა, ჩამოვედი მეგობრების და ოჯახის სანახავად, თუმცა, არც უმაგისობაა - არჩევნებს ვგულისხმობ.
- თქვენ აქ ხმას არ უნდა აძლევდეთ... როგორც გვახსოვს, თბილისში, საბურთალოზე ხართ ჩაწერილი...
- ასეა...
- მაშინ, რა სტატუსით ხართ ჩართული პროცესში?
- ვცდილობ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო გუნდს და მოვუწოდო ჩემს მეგობრებს, ნათესავებს და მეზობლებს, რომ ხმა ღირსეულ კანდიდატს მისცენ.
- თქვენ არც პარტიული თანამდებობა გაქვთ და არც პარტიის წევრი უნდა იყოთ...
- რა თქმა უნდა. თუმცა, ყველანაირად ვცდილობ, რომ ხელი შევუშალო ვითარების დაძაბვას, რასაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს. ამას ის პირველად არ აკეთებს, ვინაიდან, მათ სიტუაციის არევის გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ.