ირაკლი ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ გეგა შენგელია პირველივე ტურში გახდება ზუგდიდის მერი

16:08 05-19-2019
52
თეგები: არჩევნები

„ქართული ოცნების„ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ წინასწარი მონაცემებით, მათი კანდიდატი პირველივე ტურში ლიდერობს.

ჩიქოვანის თქმით, მიუხედავად ამისა, საჭიროა მოქალაქეებმა იაქტიურონ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

„მინდა მოგაწოდოთ განახლებული ინფორმაცია ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალი აქტივობის პირობებში გეგა შენგელია ლიდერობს და ჩვენ უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მომავალი მერი. თუმცა, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩემს ზუგდიდელებს, რომ მათ კვლავაც უნდა გააგრძელონ აქტიურობა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღეს, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

სად და რატომ ვირჩევთ მერებს და დეპუტატებს, დეტალები ნახეთ ამ ბმულზე.