სულ რამდენიმე წელია რაც გლდანში, დევნილების საერთო საცხოვრებელში ახალგაზრდა წყვილი ცხოვრობს. ქალი ყირიმელი ლტოლვილია, მეუღლე - ქართველი. როგორ იქცა რიგითი ყირიმელისთვის უკრაინა ერთ ღამეში რუსეთად და რატომ დატოვა სამშობლო პროტესტის ნიშნად სვეტლანა ივანიცკაიამ. „პრაიმტაიმი“ ყირიმელ ქალბატონსა და მის მეუღლეს ესაუბრა. დევნილობის სიმძიმე და მეორე „უკრაინა“ საქართველოში რუსული ოკუპაციით...
სვეტლანა ივანიცკაია: „მე და აჩიკო ერთმანეთს 2007 წლიდან ვიცნობთ, თუმცა ეს ურთიერთობა 2013 წელს დავაკანონეთ. უკრაინაში ვცხოვრობდით. მე ტურისტულ კომპანიაში ვმუშაობდი, იმ დროს ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა და მათ სხვადასხვა ტურებსა და ისტორიულ ადგილებს ვთავაზობდით დასათვალიერებლად. მას შემდეგ, რაც მე და აჩიკომ ვიქორწინეთ, ერთობლივი ბიზნესი წამოვიწყეთ, გავხსენით საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია. ნორმალურად ვცხოვრობდით. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ მომიწია იქაურობის დატოვება, დღეს ყირიმში დიდი უსამართლობაა. იქ დარჩნენ, დედაჩემი, და, და ქალიშვილი, რომელიც დაოჯახებულია. დავკეტე სახლი და წამოვედი, ვერ ავიტანე არსებული მდგომარეობა და ჩემს სიყვარულს თავის ქვეყანაში გამოვყევი. მენატრება იქაურობა და ახლაც ცრემლები მადგება, თუმცა იქ დაბრუნებაზე აღარ ვფიქრობ.საქართველოში ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანები დამხვდნენ. ხშირად ღამე მეღვიძება და ვტირი, ვტირი ჩემს სევასტოპოლს და მენატრება ჩემი ოჯახის წევრები. მერე ისევ ვაცნობიერებ რომ ჩემ აჩიკოსთან ერთად საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება სწორია და არ ვნანობ აქ ცხოვრებას. მე დევნილი ვარ ყირიმიდან, საქართველომ შემიფარა და მიმიღო ძალიან თბილად... ხშირად სენტიმენტები სძლევს რაციონალურ აზრს და ცრემლებამდე მივდივარ, როცა ჩემი ზღვა და მზიანი ყირიმი მახსენდება. ძალიან რთულია ზღვის ტალღების ხმაურის ნაცვლად გლდანის ქარიანი ზუზუნის მოსმენა. თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამ იდეას შეეწირა უამრავი უკრაინელი. იბრძოლეს, მაგრამ იმპერიალიზმის შეჩერება ვერ შეძლეს. უკრაინიდან რუსეთამდე სულ რამდენიმე საათი ყოფილა... იმდენი, რა დროც ჩემი ქვეყნის ორად გახლეჩვას დაჭირდა. გამოვიქეცი არა ჩემი სამშობლოდან, არამედ - გარუსებული ყირიმიდან. ჩემი ქვეყანა თავისუფლებისა და ერთიანობის იდეით მეგულებოდა... გამოვექეცი რუსულ ტანკს, ჩექმას, კრიმინალს. ჩემი თვალით ვუყურებდი, თუ როგორ ცოტავდებოდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდა. ზოგი მოკლეს, ზოგი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა... ყოველი დღე იყო სახიფათო, ყოველი წუთი იყო შეგრძნებით, რომ ჩემს სახლშიც მოვიდოდა რუსი თავის სისხლიანი ჩექმით“.
„პრაიმტაიმი“ სვეტლანას მეუღლესაც ესაუბრა. აჩიკო ფხაკაძე ამბობს, რომ რუსული ჰიბრიდული ომი მძვინვარებს იქაც და საქართველოშიც.
აჩიკო ფხაკაძე: „მოგეხსენებათ რა ხდებოდა 2013 წელს უკრაინაში. 2015 წლის 15 მარტს დავიძინეთ უკრაინაში და გავიღვიძეთ რუსეთში. კარგად მახსოვს 16 მარტი, როცა ჩვენი სახლის წინ უკვე რუსული მძიმე ტექნიკა გადაადგილდებოდა. მომცეს საემიგრაციო ბარათი, ჩვენ ბოლო ბორანს გამოვყევით თურქეთში, მას შემდეგ ეს მარშრუტი აიკრძალა... ალბათ, სვეტას ცხოვრებაში რომ არ გამოვჩენილიყავი, ახლა ისიც ისეთივე აზროვნების ყირიმელი იქნებოდა, როგორც უმრავლესობა. ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში გააცნობიერა ბევრი რამ. ყირიმში მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმშია. იქ სჯერათ ყველაფრის, რასაც გადმოსცემს რუსული არხები. მაგალითად, მაშინ, როცა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი იყო, ეს არხები გადმოსცემდნენ, რომ ვითომ ქართული ჯარი, ტანკებით ჭყლეტდნენ ოსური წარმოშობის ქალებსა და ბავშვებს... ჩემი დიდი ძალისხმევით, სვეტა მიხვდა, რომ ყირიმი და კონკრეტულად სევასტოპოლი ერთ დიდ ტყუილში ცხოვრობდა და სამწუხაროდ, ახლაც იგივე სიტუაციაა. ხშირად ვეკონტაქტებით ჩემი მეუღლის ოჯახის წევრებს. ამბობენ, რომ დღეს ყველა უწყებას კაზაკები მართავენ, რომლებმაც არაფერი იციან. აქ ჩამოსვლის პირველ ეტაპზე ცოტა გაგვიჭირდა. საქართველოში წამოვიწყე ჩემი ბიზნესი, რითაც ვირჩენთ თავს. აქ დიდ პერსპექტივას ვხედავ და რაც ყველაზე მთავარია, მაქვს თავისუფლება. პირველი რამდენიმე თვე ჩემ დასთან ვცხოვრობდით, მერე გარკვეული თანხა მქონდა და აქ, გლდანში დევნილთა საერთო საცხოვრებელში ბინა ვიგირავეთ. ორი ოთახი გვაქვს და გვყოფნის მე და სვეტას. ახლა, აფხაზეთის დაბრუნების უფრო დიდი შანსია, ვიდრე ყირიმის...