საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის სულ 20 კანდიდატი იბრძოდა. 43 908 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 15 049 ამომრჩეველმა მიიღო. ამ ადამინების ხმები კანდიდატების მიხედვით ასე გადანაწილდა:
№41 ვლადიმერ (ლადო) კახაძე - 6036 ხმა - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო.
№13 შალვა შავგულიძე - 5422 ხმა - „ევროპული საქართველო- თავისუფალი დემოკრატები.
№42 ლევან იოსელიანი - 964 ხმა - დამოუკიდებელი კანდიდატი (მხარს უჭერდა ელეკო ელისაშვილი).
№35 გერმანე საბო -701 ხმა - „გირჩი
№43 კობა დავითაშვილი - 428 ხმა- დამოუკიდებელი კანდიდატი.
№45 გრიგოლ გეგელია - 462 ხმა - დამოუკიდებელი კანდიდატი.
№44 სოფიო ხორგუანი - 388 ხმა - დამოუკიდებელი კანდიდატი.
№9 გიორგი ანდრიაძე - 117 ხმა - „თავისუფალი საქართველო
№47 თამარ ალფაიძე - 45 ხმა - დამოუკიდებელი კანდიდატი.
№46 იოსებ კობერიძე - 26 ხმა - დამოუკიდებელი კანდიდატი.
№31 ირმა რაზმაძე - 19 ხმა - „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა.
№17 გიორგი ლილუაშვილი - 18 ხმა - „საქართველო
№4 ნიტა სიხარულიძე -18 ხმა - „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა.
№33 ჯემალ ნადარეიშვილი - 17 ხმა - „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.
№28 მიხეილ გელა სალუაშვილი - 15 ხმა - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე.
№24 მამუკა ტუსკაძე - 13 ხმა- „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის.
№21 - გიორგი შალიკაშვილი 11 ხმა - „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის.
№38 ნოდარ ინანეიშვილი - 9 ხმა - „ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ).
№27 ვალისა ღვინჯილია - 6 ხმა - პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო.
№23 თებეა თენგიანი - 5 ხმა - „ახალი ქრისტიან დემოკრატები.
ამ მონაცემებით, I და II ადგილებს ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე იყოფენ.
მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში სულ 31 საარჩევნო უბანია. 31 უბნიდან ლადო კახაძემ არჩევნები 17-ში, შალვა შავგულიძემ კი -15 უბანზე მოიგო.
ლადო კახაძის მიერ აღებული 6036 ხმა ჯამში 41%-ია. შალვა შავგულიძის 5422 ხმა 36,98%.
სხვა დანარჩენი კანდიდატების მიერ მოპოვებული ხმების ჯამური რაოდენობა კი 3265-ია. ახლა მეორე ტურში გასულ კანდიდატებს სწორედ ამ ხმებზე მოუწევთ „ნადირობა.
იმის გამო, რომ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა 50% ვერ გადალახა მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში ერთმანეთს სწორედ პირველ და მეორე ადგილზე გასულები: ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან.
საერთო ჯამში, ლადო კახაძემ შალვა შავგულიძეს ზუსტად 614 ხმით მოუგო. უკვე ცნობილია, რომ მეორე ტურში არცერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს გირჩი'. შესაბამისი მოწოდებით ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ ამომრჩეველს უკვე მიმართა. ასეთივე პოზიცია დააფიქსირა დამოუკიდებელმა კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს -ლევან იოსელიანს, მისი შტაბის უფროსის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე მხარდამჭერებთან გამართავენ კონსულტაციებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწვეტილებას მიიღებენ პირველი ტურში დამარცხებული სხვა კანდიდატები.
გია ხუხაშვილი, ექსპერტი: „სერიოზული პრობლემა აქვს ხელისუფლებას. შავგულიძისთვის ერთადერთი ბარიერი ამ არჩევნებში იყო ის, რომ ევროპულ საქართველოსთან გაერთიანდა, რადგან ვიცით, „ევროპულ საქართველოს საზოგადოებაში ნეგატიური რეიტინგი აქვს. სხვა მხრივ, შავგულიძეს მეორე ტურში გამარჯვების დიდი შანსი აქვს. იმ შემთხვევაში თუ მათ რომელიმე წაგებული ძალა გამოუცხადებს მხარდაჭერას მინდა გითხრათ, რომ ასეთი რამ მთაწმინდაზე არ ჭრის. მთაწმინდელები მხარს უჭერენ მხოლოდ მას, ვინც მათ მოსწონთ.
გია აბაშიძე, ექსპერტი: „არჩევნების მეორე ტურში საკმაოდ ძლიერი შერკინება გველის. ახლა მთავარია პარტიებმა მხარდაჭერების მოზიდვაზე აქტიურად იმუშაონ. ვიცით, რა რეიტინგი ჰქონდა კახაძეს სხვა პარტიაში. შესაბამისად ვიცით, რომ ამომრჩეველმა ხმა არა მას- არამედ 41-ს, ანუ „ქართულ ოცნებას მისცა. ახლა სწორედ პარტიის აქტიურობაა გადამწყვეტი. რაც შეეხება შალვა შავგულიძეს, მისი შანსებიც დიდია. აქ შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს „ნაციონალური მოძრაობის როლი. თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ მის ამომრჩევლებს უკვე ღიად და აქტიურად მოუწოდა შავგულიძის მხარდაჭერისკენ, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მის გამარჯვებაზე.
მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება. საარჩევნო კოდექსის თანახმად, მეორე ტური პირველიდან 25 დღეში ტარდება. თუმცა, ოფიციალურ თარიღს ცესკო მოგვიანებით გამოაცხადებს.
ავტორი: თაკო ტომარაძე