მესამე მსოფლიო ომი: ბირთვული დაპირისპირების მაღალი რისკი და შესაძლო მხარეები

13:40 05-23-2019
1776

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველად, ბირთვული ომის დაწყების რისკი ყველაზე მაღალ დონეზეა. გაფრთხილებას გაეროს ექსპერტი ავრცელებს და განმარტავს, რომ ეს რისკი დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

რენატა დვენის, გაეროს განიარაღების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, მსოფლიოში  იარაღის კონტროლის ნიადაგი იცვლება, ამის ერთ-ერთი მიზეზი სტრატეგიული კონკურენციაა აშშ-სა და ჩინეთს შორის. რენატა დვენი აქვე განმარტავს, რომ ბირთვული იარაღის მფლობელი სახელმწიფოები ბირთვული მოდერნიზაციის პროგრამებს ამზადებენ.

ექსპერტის განმარტებით, ახალი ტიპის ომის საფრთხე არსებობს: იზრდება შეიარაღებული ჯგუფების გავლენა; კერძო სექტორის შეიარაღებული ძალებისა და ახალი ტექნოლოგიების ფონზე კი ზღვარი თავდაცვასა და თავდასხმას შორის თითქმის გაქრა.

„ბირთვული ომის დაწყების საფრთხე ახლა განსაკუთრებით მაღალია. რისკი იმისა, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ, ასეთი მაღალი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა,“- აცხადებს რენატა დვენი.

მესამე მსოფლიო ომის დაწყების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაძაბული ურთიერთობა განიხილება. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს. მხარეები ერთმანეთის წინააღმდეგ გამკაცრებულ ტარიფებს აწესებენ და გაძვირებული საქონლის საერთო ღირებულება მილიარდობით დოლარია.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ უფრო დაძაბა ვითარება, როდესაც გასულ წელს, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და ოფიციალურ თეირანს კვლავ სანქციები დაუწესა. განაწყენებული ირანი თავის მხრივ ვაშინგტონს რეაგირებით ემუქრება. მაისში ოფიციალურმა თეირანმა თავადაც შეაჩერა ბირთვული შეთანხმების რამდენიმე პირობის შესრულება და გამდიდრებული ურანის წარმოების გაზრდით დაიმუქრა.

ირანსა და შტატებს შორის დაძაბული ვითარებისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, დონალდ ტრამპმა 2 დღის წინ ახალი მუქარა გააჟღერა და ოფიციალური თეირანი გააფრთხილა, რომ შტატებთან კონფლიქტის დაწყება ირანის აღსასრული იქნება.

ირანთან და ჩინეთთან დაძაბულ ურთიერთობას რუსეთიც ემატება. ნატო და თავის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მოსკოვს განიხილავენ. უკვე არაერთ ოფიციალურ ანგარიშში ითქვა, რომ რუსეთი განაგრძობს მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრას. მოსკოვის  შესაკავებლად ნატო-მ აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა, რასაც რუსეთი აგრესიულ ქმედებად განიხილავს.

ძალების დემონსტრაციის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს ახალი ტექნოლოგიის იარაღების, სარაკეტო სისტემებისა და ბირთვული ქობინის მატარებელი რაკეტების გრანდიოზული პრეზენტაცია მოაწყო და განაცხადა, რომ რუსული შეიარაღება „დაუძლეველია“. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მის ბირთვულ რაკეტებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლიათ სამიზნის აღება.

ორ ქვეყანას შორის შესაძლო კონფლიქტის წამოწყების ეჭვი გააჩინა ამერიკის სანაპიროსთან მომხდარმა უახლესმა ინციდენტმაც.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, რუსულმა ბირთვულმა ბომბდამშენებმა, Su-35-ებმა ალასკის სიახლოვეს გადაიფრინეს. ისინი აშშ-ს ავიაციის F-22 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებმა შენიშნეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, რუსული ბომბდამშენების გეგმიური ფრენა ნეუტრალური წყლების თავზე და საერთაშორისო საჰაერო სივრცის მართვის სისტემის შესაბამისად განხორციელდა.

რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაძაბული ურთიერთობის მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის მოსკოვის მიერ სირიისა და ვენესუელის ხელისუფლების მხარდაჭერა, ასევე უკრაინის კონფლიქტი და ის გარემოება, რომ ვაშინგტონი ვლადიმერ პუტინს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევაში ამ დრომდე ადანაშაულებს.

ჩინეთს, რუსეთს, აშშ-ს და ირანს ემატება ჩრდილოეთ კორეა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ბირთვული ომის დაწყებით იმუქრება. 2018 წელს დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული სამიტის შემდეგ, ოფიციალურმა ფხენიანმა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა შეაჩერა და რაკეტების ცდებიც შეწყვიტა. თუმცა, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის  თებერვალში გამართული რიგით მეორე შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა. დონალდ ტრამპი ფხენიანისთვის სანქციების მოხსნას ჯერ არ გეგმავს, რაც კიმ ჩენ ინის უკმაყოფილების მიზეზია. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მოლაპარაკებების წარუმატებლად გაგრძელების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა კვლავ გაააქტიუროს.

ამერიკის შეერთებული შტატები თავის მხრივ ოფიციალურ ფხენიანთან რიგით მესამე სამიტის იდეას განიხილავს და მიიჩნევს, რომ პრობლემა დიალოგით უნდა მოგვარდეს. თუკი ეს დიალოგი კრახით ჩაივლის, მაშინ შესაძლოა მსოფლიო კვლავ იმ გარემოების წინაშე აღმოჩნდეს, რომელიც ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე შეიქმნა. აშშ-ს რიგით 45-ე პრეზიდენტის თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ (2017წ), კიმ ჩენ ინმა და ტრამპმა არაერთი სიტყვიერი მუქარა გაცვალეს და ერთმანეთის მიმართ დამცინავი რეპლიკებიც გაისროლეს. მხარეებს შორის სამშვიდობო სამიტის დაგეგმვამდე, ლიდერები ბირთვული ომის დაწყებასაც არ გამორიცხავდნენ.

ავტორი: მარიამ გიგანი