ავჭალაში საცხოვრებელი კორპუსი იძირება - მოსახლეობა შველას ითხოვს

18:35 05-28-2019
4393

ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები შველას ითხოვენ.

„ტიტანიკი“- ასე ეძახიან 9 სართულიან კორპუსს, რომელიც წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და ნამდვილი „ტიტანიკის“ მსგავსად, შუაზეგახლეჩილი. გრუნტის წყლებმა ისე დააზიანა საძირკველი, რომ წლების წინ, კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. დარჩენილ ნაწილს კი მეწყერული ზონა უქმნის პრობლემას და პირველ სართულს უკვე მიწა ფარავს. „ტიტანიკზე“ ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ ვწერდით, თუმცა მას შემდეგ აქ არაფერი შეცვლილა. ყველაფერი  ისეა, როგორც 2015 წელს.

width=600

პირველად კორპუსი 1985 წელს დამეწყრა. შემდეგ -  1990 წელს. ადგილობრივები ბეტონის ფილებით ცდილობდნენ სახლის წინ მცოცავი ქანების შეჩერებას, მაგრამ ამაოდ.

width=600

9 სართულიანი საცხოვრებლის ერთ ნაწილი ბინადრებისგან უკვე დაცლილია თუმცა, მეორე ნაწილში ადგილობრივები ისევ ცხოვრობენ. ერთი თვალის შევლებაც საკმარისია იმისთვის, რომ საცხოვრებლის მდგომარეობა შეფასდეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ გამგეობას, თუმცა წლებია, უკვე დაპირება დაპირებად რჩება.

width=600

კორპუსში სადაც თავდაპირველად 108 ოჯახი ცხოვრობდა, 80-იან წლებში 74 გაიყვანეს. მაცხოვრებლებს შორის არიან ისეთებიც, რომელბმაც 2005 წელს კომპენსაციის სახით თანხა მიიღეს, მაგრამ ამბობენ, რომ მაშინ ისე გაძვირდა ბინები, რომ შეძენა ვეღარ შეძლეს. დარჩენილებისათვის კი დღემდე პასუხგაუცემელია მათი კითხვები - კორპუსი გასახლებას ექვემდებარება, თუ გამაგრებით სამუშაოებს?!

width=600

„პრაიმტაიმი“ ე.წ. ტიტანიკის  ბინადრებს ესაუბრა.

მზია სვანიძე, კორპუსის თავმჯდომარე: „ამ კორპუსში 108 ოჯახი ვცხოვრობდით. ნაწილი თავის დროზე გაიყვანეს, 16 ოჯახს ფულადი კომპენსაცია გადაუხადეს, მაგრამ მათ ვერ შეიძინეს იმ თანხით ბინები. ისინი ახლაც აქ ცხოვრობენ. 33 ოჯახი დავრჩით კომპენსაციის გარეშე. უამრავი დაპირება იყო. ერთი პერიოდი მშენებარე კორპუსებს გვთავაზობდნენ და ჯერჯერობით არაფერი ისმის. გლდანის რაიონის გამგებელს ბოლოს ერთი თვის წინ ვესაუბრეთ. ხელი უნდა მოგვეწერა  ვიყავით, თუ არა თანახმა, რომ აეშენებინა ახალი კორპუსი და გადავსულიყავით იქ. მოვაწერეთ ხელი, თუმცა რამდენიმე ოჯახი არ არის თანახმა და ისინი ფულად კონპენსაციას ითხოვენ.“

გერონტი ცერაძე, კორპუსის მაცხოვრებელი: „რაც ეს კორპუსი აშენდა, მას მერე ვცხოვრობ. მეწყერული ზონაა და მიწა პირველ სართულზე შემოდის. გარდა ამისა, გრუნტის წყლები დგება საძირკველში, რამაც გამოიწვია მისი დაზიანება. მიტოვებული სადარბაზოს კიბის უჯრედიდან, იმის გამო, რომ კიბეს მოაჯირი აღარ ჰქონდა, წლების წინ ახალგაზრდა ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა.“

width=600

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა რა ზომების მიღებას აპირებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. როგორც უწყებაში განმარტავენ, კორპუსის ბინადრების პოზიციები სხვადასხვაა და მათ შეთანხმებას ელოდებიან.

width=600

„გლდანის რაიონის გამგებელს ბექა მიქაუტაძეს ლიბანის N6-ში მცხოვრებ მოქალაქეებთან არაერთხელ ჰქონდა შეხვედრა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების სანაცვლოდ, ავარიული კორპუსიდან გამოსვლის თაობაზე. მოსახლეობას, როგორც ზეპირსიტყვიერად, ასევე, წერილობით, არაერთხელ გაუკეთდა შეთავაზება. კერძოდ, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთაც უფიქსირდებათ საკუთრების უფლება ბინებზე, გამგეობა სთავაზობს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს მწვანე კარკასის მდგომარეობაში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე. შეთავაზების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, ახალი კორპუსის ჩაბარებამდე, გამგეობა თითოეულ მესაკუთრეს უზრუნველყოფს დროებითი ბინის ქირის კომპენსაციით. სამწუხაროდ, მოსახლეობა ვერ შეჯერდა ერთ პოზიციაზე და პრობლემა ვერ აღმოიფხვრა. გამგეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენა და აღნიშნული პრობლემის მოგვარება.მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილების გარეშე, გამგეობას არ ეძლევა სამართლებრივი და ფაქტობრივი შესაძლებლობა, მიიღოს პრობლემის აღმოსაფხვრელად სათანადო ზომები, მათ შორის, გაიტანოს საკითხი მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, აწარმოოს მოლაპარაკებები ინვესტორებთან და ა.შ.“ - განმარტავს გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი