მიხეილ სააკაშვილის უკრაინული ოდისეა

18:06 05-29-2019
555

13.02.2015

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინული თავგადასავალი 2015 წლის 13 თებერვალს იწყება. ამ დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. მისი მთავარი მოვალეობა უკრაინის პრეზიდენტისთვის სხვადასხვა მიმართულებით რეკომენდაციებისა და რჩევების მომზადება იყო.

ინფორმაცია სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნასთან დაკავშირებით პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ, როგორ უფრო უკეთესია რომ გამოვიყენოთ მიხეილ სააკაშვილის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური ნოუ-ჰაუ. საქართველოში მან პრაქტიკულად ყველა სფეროს რეფორმირება შეძლო“-ეწერა განცხადებაში.

იქვე მითითებული იყო, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა არ სჭირდებოდა და შესაბამისად ის საქართველოს მოქალაქედ რჩებოდა.

width=600

 

18.02.2015

პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნიდან ზუსტად 5 დღეში, 2015 წლის 18 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით მიმართა. თუმცა, კიევმა  ოფიციალურ თბილისს ამ მოთხოვნაზე უარით უპასუხა. ეს გადაწყვეტილება უკრაინამ იმით ახსნა, რომ სამშობლოში ის პოლიტიკური მოტივების გამო იდევნებოდა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში მოღვაწეობა განაგრძო.

30.05.2015

პოროშენკოს მრჩევლის რანგში მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად 3 თვე და 2 კვირა იმუშავა.  30 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. ამ თანამდებობისთვის უკრაინის მოქალაქეობა იყო საჭირო. ამიტომ, ერთი დღით ადრე, 29 მაისს პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად შეუჩერდა.  

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უკრაინის მოქალაქეობის მიღებამდე სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზეს, თუმცა უარის თქმა მოუწია, რადგან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა არ სურდა.

width=600

 

15.12.2015

ოდესის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სააკაშვილმა პოროშენკოს, პრემიერ არსენ იაცენუკისა და მისი მთავრობის ღია კრიტიკა და კორუფციაში მხილება დაიწყო.მხარეებს შორის დაძაბულობამ კულმინაციას მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე მიაღწია. სადაც,  ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის შსს მინისტრი არსენ ავაკოვი კორუფციაში და არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებების კონტროლში დაადანაშაულა. სხდომაზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  უკრაინის შსს მინისტრმა სააკაშვილს წყლით სავსე ჭიქა ესროლა რეპლიკით:

„ წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან“.

width=600

 

7.11.2016

ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე სააკაშვილმა ზუსტად 17 თვე დაჰყო.  2016 წლის 7 ნოემბერს მან პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.  ოდესის უკვე ყოფილმა გუბერნატორმა პოსტის დატოვების მიზეზად, უკრაინის პრეზიდენტის მიერ ოდესაში კორუმპირებული კლანის მხარდაჭერა დაასახელა.

„ მივიღე გადაწყვეტილება გადადგომისა და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ. ოდესა განვითარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კიევი გათავისუფლდება კორუმპირებულებისგან, რომლებიც პირდაპირ მფარველობენ ბანდიტობას და განუკითხაობას ოდესის ოლქში“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე, თანამდებობა ასევე დატოვა, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ. მას ეს პოსტი და უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის ივნისში მიიღო.

ოდესის გუბერნატორის პოსტის დატოვების შემდეგ,  მიხეილ სააკაშვილისა და პოროშენკოს გზები საბოლოოდ გაიყო.

width=600

11.11.2016

თანამდებობიდან წასვლიდან 4 დღეში მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“  დააფუძნა. ამის შესახებ მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყო.

ვაფუძვნებთ ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანია არსებული პოლიტიკური ელიტის შეცვლა, რომელიც აკონტროლებს რადას. ჩვენი მიზანია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ჩვენი მხარს დავუჭერთ ბიზნესს, მაგრად არ შევიყვანთ ბიზნესმენებს რადაში.’- განაცხადა სააკაშვილმა.

width=600

 

8.03.2017

ოპოზიციაში ყოფნის პარალელურად,სააკაშვილი კორუფციასთან ბრძოლას უკვე ახალი ამპლუიდან აგრძელებს. პოროშენკოს ყოფილი მრჩეველი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი  ტელეწამყვანი ხდება. სააკაშვილს ტელეარხ ZIK-ზე ყოველკვირეული გადაცემა „სხვა უკრაინა“ მიჰყავს.

width=600

 

17.07.2017

ვიდრე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში, უკრაინის ხელისუფლების კრიტიკას აგრძელებდა, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოს ესტუმრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოროშენკო გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს და ირაკლი კობახიძეს შეხვდა.ოფიციალურ კომენტარებში მხარეებმა განაცხადეს, რომ აუდიენციებზე მიხეილ სააკაშვილის თემა არ განხილულა.

width=600

 

26.07.2017

თუმცა, საქართველოში ვიზიტიდან ზუსტად 10 დღეში,  2017 წლის 26 ივლისს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამ დროს სააკაშვილი ამერიკაში იმყოფებოდა. მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ოფიციალურ მიზეზად, მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შევსების დროს ანკეტაში ცრუ ინფორმაციის შევსება დასახელდა.

width=600

უკრაინის მოქალაქეობის არქონის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა ქვეყნიდან მაინც აანონსებდა, რომ უკრაინაში აუცილებლად ჩავიდოდა. ჩასვლის თარიღად პოროშენკოს ყოფილმა მრჩეველმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა 2017 წლის 10 სექტემბერი დაასახელა.

01.09. 2017

პარალელურად, საქართველოს  პროკურატურამ, 2017 წლის 1 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით  კიდევ ერთხელ  მიმართა. 

10.09.2017

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2017 წლის 10 სექტემბერს მართლაც ჩავიდა.  მან  მომხრეების თანხლებით, პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, ძალის გამოყენებით გაარღვია კორდონი და ასე შევიდა ლვოვში. მოგვიანებით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. აქციის რამდენიმე მონაწილე კი დააკავეს.

width=600

 

10.17.2017

უკრაინაში უკანონოდ შეჭრილი მიხეილ სააკაშვილი 19 თებერვალს ლვოვიდან კიევში ჩავიდა. უკრაინის რადას წინ, სააკაშვილის ორგანიზებით მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. აქტივისტები, მათ შორის სააკაშვილიც, რადასთან გაშლილ კარვებში განთავსდნენ. აქციის მონაწილეები პარლამენტისგან დეპუტატთა ხელშეუხებლობის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითხოვდნენ.

width=600

05.12.2017

აქციების პარალელურად, უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძება ახალი მუხლით დაიწყო.  სამართალდამცავი ორგანო სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობაში, მათი საქმიანობის დაფარვაში და ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებდა.

5 დეკემბერს, სამართალდამცველები მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ.  ჩხრეკის დაწყების შემდეგ, სააკაშვილი სახურავზე ავიდა და დაიმუქრა, რომ გადმოხტებოდა იმ შემთხვევში თუ ვინმე ხელს ახლებდა.

width=600

თუმცა, ყოფილი გუბერნატორის სახურავიდან ჩამოყვანა მაინც მოხერხდა. ამ დროს სააკაშვილის სახლთან მისი ათასობით მომხრე შეიკრიბა. ავტომობილი, რომელშიც სამართალდამცავებმა სააკაშვილი ძალით ჩასვეს, შეკრებილებმა ალყაში მოაქციეს და გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, მომიტინგეებმა ავტომობილის კარი და ფანჯრები ჩაამტვრიეს და სააკაშვილი გაათავისუფლეს.

width=600

 

მომიტინგეების მიერ გათავისუფლებული მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს კვლავ რადასთან შეკრებისკენ მოუწოდა. რამდენიმე საათში, უკრაინის პარლამენტის წინ მრავალათასიან აქციას კვლავ ოდესის ყოფილი გუბერნატორი უძღვებოდა.

width=600

 

18.02.2018

ამით, უკრაინის ხელისუფლება არ გაჩერებულა. ამ მოვლენებიდან 2 თვეში, 2018 წლის 18 თებერვალს, უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე  აუკრძალა. უკრაინის მთავრობის ამ გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი აპატრიდი ანუ მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა.

 გუშინ:

2019 წლის 28 მაისს, უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ, მისი წინამორბედის, პეტრო პოროშენკოს მიერ 2017 წლის 26 ივლისს გამოცემული ბრძანებულება გააუქმა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

ზელენსკიმ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებდა და როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს, ქვეყანაში პოლიტიკური მოღვაწეობის ნებას მისცემდა.

width=600

 რა ხდება დღეს:

უკრაინის მოქალაქეობის აღდგენიდან მეორე დღესვე, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიემგზავრება. მან უკვე დატოვა ვარშავის აეროპორტი, საიდანაც კიევში ჩაფრინდება. 

width=600

ავტორი: თაკო ტომარაძე