როენა ხუცურაულმა მოსამართლეს სასტუმრო „მამიდას“ გასაღების გადაცემა სთხოვა

19:23 06-03-2019
764

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში როენა ხუცურაულის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. მოსამართლის, პროკურორისა და ადვოკატების შესავალი სიტყვის შემდეგ, როენა ხუცურაულმა და მასთან ერთად დაკავებულმა ორმა ქალბატონმა დუმილის უფლება გამოიყენ. როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, როენა ხუცურაულს ოთხი ადვოკატი იცავს.

როენა ხუცურაულის ქონებას დაკავების შემდეგ ყადაღა დაედო. მათ შორის საცხოვრებელ სახლს, ავტომობილსა და სასტუმროს. კანონის თანახმად, როენა ხუცურაულს ქონების გასხვისება ეკრძალება, თუმცა, მისით სარგებლობა -  არა. სასამართლოს დასრულების შემდეგ, როენა ხუცურაულმა სიტყვა ითხოვა. მან მოსამართლეს და პროკურორს თხოვნით მიმართა - მის მფლობელობაში არსებული სასტუმრო „მამიდა“-ს გასაღების გადაცემის თაობაზე

„ბატონო მოსამართლე, ქალბატონო პროკურორო, გთხოვთ მომცეთ უფლება გადმომეცეს სასტუმროს გასაღები, რათა დავათვალიერო ადგილი. რამდენიმე დღის წინ სეტყვამ სავარაუდოდ დააზიანა ტერიტორია. გარდა ამისა, ადრე რამდენჯერმე გაგვქურდეს და წაიღეს პლაზმური ტელევიზორები. იგივე რომ არ მოხდეს, გთხოვთ დამრთოთ ნება, მივაქციო ყურადღება სასტუმროს.“- განაცხადა როენა ხუცურაულმა.

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა და პროკურორმა, ბრალდებულს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

როგორ გაგრძელდება სასამართლო დავა, ეს ცნობილი შემდეგ სხდომაზე, 2 ივლისს გახდება.

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, 3 პირი დააკავა. ერთ-ერთი დაკავებული სწორედ სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, როენა ხუცურაული იყო. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით ედება, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. როენა ხუცურაული წინასწარი პატიმრობიდან 30 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.