სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 თურქეთის და 1 საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული პირები ინტერნეტბანკინგის მომხმარებლებს სოციალურ ქსელ „ფეიბუკის“ გვერდზე, „საქართველოს ბანკისა“ და “თი-ბი-სი” ბანკის ინტერნეტ-ბანკინგის ვიზუალურად მსგავს ვებ-გვერდებს ათავსებდნენ და მომხმარებლებს სხვადასხვა სახის ინტერნეტ მომსახურებას სთავაზობდნენ.
ვიზუალური მსგავსების გამო, მოქალაქეები შეჰყავდათ შეცდომაში და მოტყუების გზით, ეუფლებოდნენ მათ საბანკო მონაცემებს.
დამნაშავეებმა მოქალაქეებს 200 000 ლარამდე ფინანსური ზიანი მიაყენეს.
მათი საცხოვრებელი ბინიდან სამართალდამცველებმა ამოიღეს ლეპტოპი, 4 მობილური ტელეფონი, ერთი ცალი პერსონალური კომპიუტერი, რამდენიმე საბანკო და პლასტიკური ბარათი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 285-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.