ტაში პროცესამდე და მტრედი გადაწყვეტილების შემდეგ - რა ხდებოდა კალანდიას სასამართლო პროცესზე

16:50 06-06-2019
154

დღეს, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე საათის წინ მიიღო. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. ადვოკატი - გირაოს. პროცესის დაწყებამდე მიხეილ კალანდიას ახლობლები ტაშით შეხვდნენ. დასრულების შემდეგ კი, სასამართლოს ეზოში თავისუფლების სიმბოლო - მტრედი გაუშვეს.

„პრაიმტაიმი“ ბოლო დროის გახმაურებული საქმის, ერთ-ერთი სასამართლო პროცესის მნიშვნელოვან მოვლენებს დეტალურად გთავაზობთ:

6.6.2019 - ტაშით დაწყებული სასამართლო პროცესი

სასამართლო სხდომა, რომელზეც დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, დაიხურა. პროკურორებმა პროცესის დახურვის შუამდგომლობის მოტივად ის გარემოება დაასახელეს, რომ საქმე არასრულწლოვნებს ეხება და დანაშაულის ჩადენის მომენტშიც თავად ბრალდებულიც არასრულწლოვანი იყო.

პროკურორის შუამდგომლობას თავად ბრალდებული მიხეილ კალანდიაც დაეთანხმა. სასამართლო პროცესი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მხარეები და განსხვავებული პოზიცია  

პროკურორი - პასუხისგებაში მიცემა გადაწყდა მაშინ, როდესაც მტკიცებულებები ერთობლიობაში უკვე არსებობდა

„მტკიცებულებები ადასტურებენ მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვანი იყო ბრალდებისთვის, იმიტომ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა ჯგუფურად, გ.ჯ.-ს მიერ დაუდგენელ პირთან ერთად ჯგუფურად. ის კვალიფიკაცია, რომ დანაშაულის ჩადენა მოხდა ჯგუფურად, ერთ-ერთი საფუძველი გახდა იმისა, რომ მას წარედგინა ბრალი“. 

ადვოკატი - გამამართლებელი განაჩენისთვის ვიბრძოლებთ

„თუ სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობები გვექნება, აუცილებლად, ნებისმიერი დამკვირვებლისთვის ნათელი გახდება სრული ჭეშმარიტება, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“. 

ბრალდებულის ძმა - ამას რა მოჰყვება ყველა ვნახავთ

ამას რა მოჰყვება ყველა ვნახავთ.. ვიბრძოლებთ ყველანაირი გზით,- ამის შესახებ ლუკა კალანდიამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დაკავების არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, არც არსებობს და ვერც იარსებებს.

ბრალდებულის ბაბუა - ჩემი შვილიშვილი დამნაშავე არ არის და მას ღმერთი იცავს

„ჩემი შვილიშვილი არ მონაწილეობდა ამ დანაშაულის ჩადენაში. ყველაფერი გაირკვევა. ალბათ ყველას ინტერესშია რომ დააკავეს - ხელისუფლების, ოპოზიციის. მიზანი კი არის ამ ქვეყნის დამხობა და ამოტრიალება. ჩემი შვილიშვილი არაა დამნაშავე და მას ღმერთი იცავს“. 

პატიმრობა და მტრედი 

საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მისმა ძმამ, ლუკა კალანდიამ სასამართლოს ეზოში მტრედები გაუშვა.

როგორც მან აღნიშნა, მტრედი თავისუფლების სიმბოლოა და სწორედ ამიტომ, სიმბოლურად გაუშვა.

ოქროს მოწმესაქმეში 

Image

მიხეილ კალანდია 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილეა. მან ჩვენება სამჯერ გამოძიებისას, ორჯერ კი სასამართლოში - ფიცის ქვეშ შეცვალა.

2018 წლის მარტის ბოლოს სასამართლოში კალანდიამ თქვა, რომ პირველ დეკემბერს მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა და ამ საქმის ე.წ. პირდაპირი მოწმეა.

2018 წლის აპრილში, კალანდიას ჩვენებზე ილაპარაკა ზაზა სარალიძემ. მან თქვა, რომ არსასრულწლოვანმა სასამართლო პროცესზე ჩვენება შეცვალა. მისი განმარტებით, მოწმემ ჩვენების შეცვლა იმით ახსნა, რომ გასულ პროცესზე ბრალდებული მეგობრები დაიცვა.

2018 წლის 15 აგვისტოს, მკვლელობის გამოძიების ფარგლებში, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ – ს საქმეზე სასამართლოში მიხეილ კალანდია ისევ დაიკითხა. 

მაშინ კალანდიას ადვოკატმა არ დააკონკრეტა, რომელი მხარის პოზიცია გაამყარა ამ შემთხვევაში მიხეილ კალანდიას ჩვენებამ.

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს. ამავე საქმეზე მსჯავრდებულია ორი არასრულწლოვანი.

3 ივნისს, სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში არასრულწლოვანი გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

რაც შეეხება გ.ბ.-ს,  მის მიმართ ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უდანაშაულოდ ცნო.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი