ბოლო წლებია „გაზპრომი“ ყველა ქვეყანასთან მონეტარული გადახდის ფორმაზე გადავიდა - ნათია თურნავა

19:38 06-07-2019
37

„რა თქმა უნდა, მონეტარულ ფორმას ნატურით გადასახადი ჯობდა, მაგრამ „გაზპრომი“ ყველა სახელმწიფოსთან მონეტარული გადახდის ფორმაზე გადავიდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „გაზპრომთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უფრო მიმზიდველი „გაზპრომისგან“ გაზის ტრანზიტის ნატურით გადახდა იყო.

„ბოლო წლებია „გაზპრომი“ ყველა ქვეყანასთან მონეტარული გადახდის ფორმაზე გადავიდა. მათ შორის ისეთ მეგობარ სახელმწიფოებთან მიმართებაში, როგორიცაა ბელარუსი. რატომ უნდა ჰქონოდა რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ ძალას მოლოდინი, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი რუსეთის ჯარის მიერ გვაქვს ოკუპირებული, რატომღაც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ ჩვენთვის გამონაკლისს დაუშვებდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას კითხვაზე, თუ საქართველო რუსეთის პირობას არ დათანხმდებოდა, შეწყვეტდა თუ არა რუსეთი საქართველოსთვის გაზის მოწოდებას, მინისტრი აცხადებს, რომ შეიძლება ასეც მომხდარიყო.

„ორი მიმართულებით შეიქმნებოდა სირთულე, ერთი სომხეთთან მიმართებაში და მეორე ტექნიკური პრობლემა შეექმნებოდა საქართველოს, რამდენადაც ბალანსისთვის, გარკვეული რაოდენობა რუსული გაზის ყოველთვის გამოიყენებოდა, მათ შორის შესაძლოა, გაზის მოწოდებაც შეეწყვიტა რუსეთს,“-განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, „გაზპრომთან“ გაფორმებული კონტრაქტი კომერციული საიდუმლოებაა.

საქართველოს მთავრობამ 2017 წელს, მინსკში გამართული მოლაპარაკების შედეგად რუსულ „გაზპრომ-ექსპორტთან“ სომხეთისათვის გაზის ტრანზიტის ორწლიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმად, ტრანზიტის ანაზღაურება ფულით განხორციელდება. ამ შეთანხმებამდე საქართველოს ტრანზიტული გაზიდან 10% ხვდებოდა.