როგორ მივიღოთ მობილურზე „ჭკვიანი კამერის“ ჯარიმები

09:35 06-10-2019
1977

2018 წლის ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით, ჭკვიანი კამერები ჩაირთო.

კამერების მიერ გამოწერილ ჯარიმებს მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ მართვის მოწმობის დროს, საკონტაქტო ინფორმაცია აქვთ მითითებული.

“ვიდეო ჯარიმების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების მისაღებად, თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი დაფიქსირებული უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში”.

იმ შემთხვევაში კი, თუ მართვის მოწმობის მიღების დროს მითითებული არ გაქვთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, მაშინ შეგიძლიათ:

მიბრძანდეთ შს სამინიტროს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრში და დააფიქსიროთ თქვენი პირადი მონაცემები ერთიან ბაზაში;
გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე: sa.gov.ge

ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

კანონმორჩილი მოქალაქეების წახალისების გარდა, ცვლილებები მათაც შეეხებათ, ვინც ვიდეო ჯარიმებს თავს ე.წ. „ჩამოწერის“ მეშვეობით იცილებს. რადგან, პროექტი ითვალისწინებს ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალ წესს.

აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, სამართალდამრღვევს აღარ რჩება შესაძლებლობა, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას.

კერძოდ, 6 თვიდან 1 წლამდე იზრდება ჯარიმის აღსრულების ვადა. ფოსტა, ორჯერ ჩაბარების ნაცვლად, ვალდებულია, საჯარიმო ქვითარი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს.

თუ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ფოსტა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას ვერ უზრუნველყოფს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ჯარიმას თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ იგი ჩაბარებულად ჩაითვლება.

აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა გავრცელდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოწერილ ჯარიმებზე საგზაო მოძრაობის სფეროში.