Exclusive „მასტერშეფის“ მკაცრი ჟიურის საინტერესო ცხოვრება კადრს მიღმა

19:49 06-10-2019
5221

კულინარიულმა შოუმ - „მასტერშეფმა“ თავისი ექსპრესიულობითა და ჟიურის წევრებით თავიდანვე მიიქცია ყურადღება. მსოფლიოში პოპულარული და დინამიკური შოუ მისმა ქართველმა „მეიქერებმა“ მალევე გახადეს რეიტინგული. გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ შეფ-მზარეულებისგან ისეთი ჟიური წარმოადგინეს, ყველაზე უჭმელი მაყურებელიც კი ჩასაფრებული ელოდება შოუს. 

„პრაიმტაიმი“ „მასტერშეფის“ გადასაღებ მოედანზე მოხვდა და მკაცრი და დაუნდობელი ჟიურის წევრების ინტერვიუებიც მოიპოვა. 

width=600

„ჩვენ - სიამოვნების „ბარიგები“ ვამზადებთ ნარკოტიკს, რომელსაც ადამიანები იღებენ“

28 წლის ლუკა ნაჭყებია სურსათის ტექნოლოგია. ის 2010 წლიდან სურსათის ინდუსტრიაშია, სარესტორნო სფეროში კი 2012 წლიდან ჩაება. მისი კონსულტაციით 25-ზე მეტი კვების ობიექტი ამუშავდა. აგრარულ უნივერსიტეტში ასწავლის სურსათის უვნებლობასა და კულინარიის ტექნოლოგიას, კულინარიის აკადემიაში კი ზოგად ტექნოლოგიას, ჰიგიენის სტანდარტებს, აზიურ, იტალიურ კულინარიას.

მკლავებზე ფერადი და უცნაური ტატუები აქვს, მეგობრები ეხუმრებიან, სკოლის დაფასავით გაქვს ხელებიო. სვირინგებს თავისი ისტორიები აქვს, გამორიცხულია, რომელიმე ოდესმე მომბეზრდესო, „პრაიმტაიმს“ გულახდილად უყვება ლუკა. 

ლუკა ნაჭყებია: - ჭამა მიყვარდა, მიზიდავდა სამეცნიერო დარგებიც. მერე წავედი სურსათის ტექნოლოგიებში, მივხვდი ხელოვნებასთან ასოცირებული, თავისუფალი და ცოტა ემოციური რამ მინდოდა. ჩავერთვე კულინარიაში. კულინარია არის ქიმია და ფიზიკა სახლის პირობებში. ანუ ჩემი ცოდნა დავაბანდე კულინარიაში და მის გარშემო მყოფ დარგებში. 

- არ გტანჯავთ გემოების გამოცნობა, დეტალიზება? 

- თუ არ მეუბნებიან, მოდი, შემოამოწმე, რა გემოსიაო, ვარ ყველაზე ლმობიერი მჭამელი დედამიწის ზურგზე. კულინარიაში არანაირი კაპრიზი არ მაქვს. 

- დედის მომზადებული ყველაზე გემრიელი კერძი დაგვისახელეთ.

- დედა, პროფესიულ დონეზე, ძალიან მაგარი კონდიტერია. განებივრებული ვარ ტკბილეულით. მაგრამ თავს ვიზღუდავ, თუ შევყევი, ბოლომდე ვავლებ მუსრს. ნამცხვრის მთელი თუნუქის ფირფიტა შეიძლება გავუშვა ყბაში. ბავშვობიდან გამოყოლილი მაქვს ხორციანი ბლინის სიყვარული, სასწაულ ბლინებს ამზადებს დედა. რაც არ უნდა მაღალი კულინარია შევისწავლო, რაც არ უნდა ყველაზე დახვეწილ კერძს ვჭამდე, ვერ ვთმობ ხორციან ბლინებს. 

- თქვენი საყვარელი გემო?

- მომწონს აგრესიული გემო, კერძი რომ იმდენს ბედავს სახეში გესროლოს. მაგალითად სრულიად ტკბილი ღორის ხორცი. გემოში ექვსი ფუნდამენტალური შეგრძნებაა და მე მიყვარს ამ ექვსი გემოს თამაში, გადავარდნების კეთება და ბალანსის დაცვა. როცა ყველაფერი ერთმანეთს ანეიტრალებს, წყნარი გამოდის, მე მიყვარს როცა რაღაც ფეთქდება. მაგალითად, თხის ყველი ძალიან ცხარე წიწაკა და ლეღვი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, გემოში ლიმიტი არ არსებობს. თუ რაღაც არ უხდება, სწორი კომბინაცია არ დაგისვია ჯერ. 

- რა არის ყოველთვის თქვენს მაცივარში?

- გამორიცხულია ოთხი სახეობის ყველი არ იყოს. ყოველთვის მაქვს გარე ობიანი და შიდა ობიანი ყველი, მდნარი ყველი, ნედლად გამოყვანილი ლორი. პომიდვრის ჩირები, ნივრის კონსერვები - ყოველთვის მაქვს. ეს პროდუქტები თუ  გაქვს, დაიწყნარებ თავს ემოციურადაც და სიამოვნებასაც მიიღებ. მაქვს ალკოჰოლი, რომელსაც არასდროს ვსვამ. მაქვს აზიური პროდუქტები, მშრალი სოკოები, გამშრალი ბაყაყები, აზიური კულინარია სწრაფ მომზადებაზე ორიენტირებულია და რაღაც კომპონენტები თუ გაქვს, ხუთ რაღაცას ერთმანეთში შეურევ და გაქვს სრულყოფილი სადილი. კიდევ ასამდე სახეობის სუნელი მაქვს. 

width=600

- უცხოეთში რაში ხარჯავთ ფულს?

- ჭამაში. 

- რომელი ქვეყნის გემო მოგწონთ?

- ქართული სამზარეულო მიყვარს. და ის, რაც ქართულთან ასოცირებულია და რამაც ჩვენი სამზარეულოს ერთობა შექმნა - სპარსული, ავღანური, ინდური, ჩინური, იაპონური, სირიული. ამათ ოდნავი ზემოქმედება აქვთ ჩვენს სამზარეულოზე. მიყვარს ფრანგული გემო, რომელსაც თანამედროვე ქართულ სამზარეულოზე დიდი გავლენა აქვს. მიყვარს იტალიური. 

- ყველაზე ბევრი, რაც საჭმელში დაგიხარჯავთ, რა თანხაა?

- ისეთი თანხები მაქვს ჭამაში დახარჯული, სირცხვილია დავასახელო. გამორიცხულია.

- ჭამა სიამოვნებაა?

- ჭამა ხშირ შემთხვევაში თავგადასავალია, სტრესის მოხსნა, დროის გატარებაა... ერთი ხუმრობაა: რა არის ცოლ-ქმრობაო? ცოლ-ქმრობა, სანამ არ მოვკვდებით არის ერთმანეთზე მუდმივად შეკითხვის დასმა - რა ვჭამოთ? ბევრი რამ ჭამის გარშემოა სამყაროში. სიამოვნების მიღების მარტივი ხერხია. ჩვენ - სიამოვნების „ბარიგები“ ვამზადებთ ნარკოტიკს, რომელსაც ადამიანები იღებენ, მაგრამ მისადმი ცუდი დამოკიდებულება არ უჩნდებათ. 

„ფეისობა“ თუ მოგწოთ?

- არა. მთელი ცხოვრება ჩუმად ვმუშაობდი, საკმაოდ ბევრს მივაღწიე. 

- და თქვენი საამაყო მიღწევა?

- კულინარიის დიდ ქვეყანად რომ იქცევა საქართველო, ამაში მონაწილეობა მაქვს მიღებული. ვეხმარები ბევრ ადამიანს ამ სფეროში განათლება მიიღონ. მინდა ვიღაცას გაახსენდეს, კაი ტიპი იყო და დაგვეხმარაო. 

- გადაცემაში აგრესიული ხართ. და სინამდვილეში?

- ოდნავ ჰიპერველიზირებული ვარიანტი ვარ გადაცემაში. მაგრამ დიდი განსხვავება არ არის რეალობასა და შოუს შორის. 

width=600

 

„გვიან ღამით კარაქიანი პურიც მიჭამია“

ლევან კობიაშვილი სკოლის დასრულების შემდეგ ბიძაშვილის წყალობით შემთხვევით სასტუმრო „მეტეხში“ აღმოჩნდა. ორი წელი იმუშავა. „საჩკაობა“-მუშაობაში მიხვდა, რომ ეს საქმე მოეწონა. მოიარა რესტორნები, ბისტროები, კაფეები. 20-ზე მეტი რესტორანი გამოიცვალა. და საქართველოს კულინართა ფედერაციის პრეზიდენტია, რომელიც მეგობრებთან ერთად დააფუძნა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ლევან კობიაშვილი: - 1992 წელს „მარკო პოლო“ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ჩვენს ქვეყანაში. ამ პროფესიას დაფასება არ ჰქონდა. თოთხმეტი-თექვსმეტი საათი ვმუშაობდით, ხელფასები - დაბალი. ან უნდა შევშვებულიყავი, ან კარგი სვლით გამეგრძელებინა. გაჩნდა ინტერნეტი, სხვა წყაროები, საიდანაც შეიძლებოდა ინფორმაციების აღება. ერთ ადგილას რომ შევისწავლიდი მზარეულობას, განსხვავებულ რესტორანში მივდიოდი, ბევრ უცხოელ შეფმზარეულთან მომიწია თანამშრომლობა. პროფესიული სასწავლებელი არ არსებობდა და პრაქტიკიდან მივიღე განათლება. მერე ექსტერნად ჩავაბარე. პედაგოგადაც ვიმუშავე პირველ კულინარიულ სასწავლებელში. დღესდღეობით ვეღარ წარმომიდგენია თავი სხვა პროფესიაში. 

- მეუღლეს თქვენთვის მომზადება ხომ არ აკომპლექსებს?

- არა, უჩემოდაც ძალიან კარგად ამზადებს. მე არ მიწევს კეთება, სახლში თითქმის არ ვარ. 

- კრიტიკული ხართ?

- არ ვარ. იშვიათად ვჭამ სახლში, როცა ვჭამ გემრიელად გეახლებით. უიქენდზე ხანდახან ვამზადებ. ზოგჯერ ჩემთან მოდიან რესტორანში და იქ აგემოვნებენ. 

- სად?

- რესტორანში ყოფილი „ანდროპოვის ყურები“, რომელიც ახლა რებრენდინგს გადის. მალე სხვა კონცეფციით გადაკეთდება. ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება.

width=600

- ქვეყანა, რომელმაც გემოთი გაგაოცათ.

- კორეაში მოულოდნელი და განსხვავებული სამზარეულო იყო. რაღაც დონეზე ვიცნობდი, მაგრამ აღმოჩნდა, საშინლად ცხარე კერძები აქვთ. ერთი ლუკმა რომ ჩავიდე, უკან გადმოვაბრუნე. 

- ტკბილი ქვეყანა რომელია?

- რა თქმა უნდა - საფრანგეთი. დახვეწილი საკონდიტრო საოცრებებით. 

- გურმანი ადამიანი როგორია?

- კრიტიკული, მომთხოვნი, ახალი გემოს მაძიებელია, ცდილობს კერძისგან სიამოვნება მიიღოს. 

- საუზმე დღის დასაწყისს განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს ის?

- საუზმე მნიშვნელოვანია დღის დაწყებაში. საუზმით განწყობა უნდა შეიქმნა. დილით ორგანიზმს აღდგენა სჭირდება, ცილები უნდა მიიღონ, თუნდაც, კარგი ომლეტი, კარგი ბეკონი, შვრიის ფაფა. 

- გვიან ჭამის მავნებლობაზე გვითხარით.

- 2400 კალორია მაქსიმუმია დღის მანძილზე. თუ ამას გადაცდი და ღამითაც ჭამ, უკვე წონაზე მიდის. ეს მზარეულების პრობლემაა, მუშაობის დროს გასინჯვით იფარგლები და სრულყოფილად არ ჭამ. ამიტომ გვიან გეახლებით. წონაში ვიმატებ ხოლმებ. ხშირად, გვიან ღამით კარაქიანი პურიც მიჭამია.

 

width=600

თმას მე თვითონ ვიჭრი. და სავარცხელი არ გამაჩნია“

კონსტანტინე თედელურმა ჰობი პროფესიად აქცია. და ამ სფეროში 2005 წლიდანაა! არის რამდენიმე კონცეპტუალური სივრცის, მათ შორის რესტორან შეფის ბებიას დამაარსებელი; 2014 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვეული შეფი იყო; 2018 წელს გაიმარჯვა Gაულტ&Mილლაუ-ს ნომინაციაში ახალგაზრდა ტალანტი. კონსტანტინე დღემდე აგრძელებს კულინარიულ მოღვაწეობას და ახალი გემოების ძიებას, როგორც დამოუკიდებელი შეფი.

კონსტანტინე თედელური: - სამი წლის ვიქნებოდი, კვება არ მიყვარდა, მაგრამ მახსოვს, ბაღის სამზარეულოში ვიპარებოდი, სკამზე ავდიოდი და ქვაბში ვიხედებოდი, როგორ მზადდებოდა სადილი. მერე ჩემს ქვეცნობიერში შემოდის, როგორ ვიმზადებდი მარტივ სალათებს, მათ შორის, კიტრისა და პომიდვრის სალათს, ომლეტს. 22 წლის ასაკში შევედი სამზარეულოში. თუმცა მანამდე არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი დავამთავრე. მაგისტრატურისთვის გერმანიაში წავედი. ჯიბის ფული საკმარისი არასდროსაა. დავიწყე საჭმლის ფულის დაზოგვა. მერე იმ დანაზოგ თანხას უიქენდზე ვიყენებდი. დედასთან ვიყავი ტელეფონით „მიერთებული“ და ის მკარნახობდა რეცეპტებს. ქართული კერძების ნოსტალგია მქონდა. მასწავლიდა როგორ კეთდებოდა ბაჟე, ნიგვზიანი ბადრიჯანი, ელარჯი... ბერლინში ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ ვთქვი, მოდი, სტუდენტურ სამსახურს ვიპოვი-მეთქი. მივედი რესტორანში ორ კვირიანი გამოსაცდელი ვადით და დაახლოებით 11 თვის შემდეგ ამ რესტორნის შეფი გავხდი. 

- რითი მოხიბლეთ კლიენტურა?

- შემოდიოდნენ და ითხოვდნენ, გუშინ რომ მომიმზადა ისევ იმ მზარეულმა მოამზადოსო. ვამზადებდი ქართულ კერძებს, ყველაფერს. 

- მზადებისას რა არის მთავარი - განწყობა, კვების სიყვარული...?

- განწყობა მთავარია. ცუდ ხასიათზე მომზადებული კერძი, შეიძლება, ვინმეს მოეწონოს, მაგრამ შენ თვითონ არ მოგეწონება. კერძი მზარეულის ენერგეტიკას იძენს. ენერგია შეგდით მარცხენა ხელში და გამოგდით მარჯვენა ხელიდან. გამტარი ხარ. მზადებისას, ამ ენერგიას გადის კერძი. 

width=600

თქვენი საყვარელი გემო?

- ტკბილი და მწარე. ერთმანეთს უნდა აბალანსებდეს. 

- ქვეყანა, რომელმაც თავისი გემოთი მოგხიბლათ?

- ჩვენი ქვეყანა მხიბლავს თავისი გემოთი. განსხვავებული შტრიხი გვაქვს კულინარიაში. აქ აბრეშუმის გზამ გამოიარა და ის ინგრედიენტები დაილექა ჩვენში, რომელიც ქართულმა პირის გემომ სწორად აითვისა. ვიეტნამური, იაპონური, ტაილენდური სამზარეულოები მიყვარს.

- პოპულარობა და ყურადღება არ მოგწონთ?

- ვერ ვიტყვი, რომ ადამიანს ყურადღება არ მოსწონს, მაგრამ დოზირებულად. ჩემი იმიჯით ყოველთვის გამოვირჩეოდი, სულ ამბობდნენ - ნახე, როგორ აქვს თმები. თმას მე თვითონ ვიჭრი. და სავარცხელი არ გამაჩნია. თითებით ვიყენებ ვარცხნილობას.

- თქვენი და მსახიობ ანი ჩირაძის - „ჩიკას“ რომანზეც გვითხარით ორი სიტყვით. 

 - ეს ჩემი პირადია. 

- რომელიც აინტერესებთ.

- მე ჩემ პირადზე არასდროს ვსაუბრობ.

- სოციალურ ქსელში არ მალავთ ურთიერთობას, ფოტოები, სტატუსი...

- ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა?!

- არაფერს იტყვით ანიზე?

- ძალიან კარგი გოგოა. 

როგორც მსახიობი?

- სულ ორი სერია მექნება ნანახი. 

- ანის არ წყინს?

- ...

- თვითონ გიყურებთ?

- არ ვიცი...

 

ავტორი: თამარ გონგაძე