ამ ხალხთან სალაპარაკო არაფერი მაქვს - ლევან ვასაძის მისვლამ ლგბტ თემის აქცია დაშალა

19:17 06-14-2019
206

„ეს არის ხალხის კატეგორია რომელთანაც სალაპარაკო არ მაქვს“ , - ამის შესახებ ლგბტ თემის აქციაზე სახელმწიფო კანცელარიასთან მისულმა ლევან ვასაძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ წუთებში აქცია სახელწოდებით „სახელმწიფო, სად ხარ?!“ მიმდინარეობს. 

სოციალურ ქსელში დაანონსებული აქციის მონაწილეების მისვლამდე, ადგილზე მივიდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები.

ცნობისთვის, 18-23 ივნისის ჩათვლით თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართება. როგორც „პრაიმტაიმს“ ღირსების მარშის ორგანიზატორებმა განუცხადეს,  რამდენიმე ადგილი შერჩეული აქვთ, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებენ. 

ამასთან, მათივე თქმით, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს შეთავაზებისა - საჯარო მსვლელობის ნაცვლად, ლგბტქ თემის წევრებმა დახურულ სივრცეში მოიყარონ თავი, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს და აუცილებელია მათი ხმა საზოგადოებამდე მივიდეს. 

ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმაც გამართეს და განაცხადეს, რომ „თბილისი პრაიდს“ ჩატარების უფლებას არ მისცემენ.