“საქართველოს საპატრიარქო და ლევან ვასაძე უნისონში მოქმედებენ. ეს არახალია, რადგან ჩვენ ხშირად გვიხილავს მათი ჰარმონიზებული მოქმედება. ცალსახაა, რომ რუსეთის იმპერიალისტურ მდგენელს ყველაზე უფრო წარმატებულად ტირაჟირებს ეს ორი სუბიექტი“,- ასე ფიქრობს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
მისი განმარტებით, ლევან ვასაძე საპატრიარქოსთან შეთანხმებით მოქმედებს. მათ მთავარი მიზანი კი ქვეყანაში დესტაბილიზაციაა. როგორც გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, საქართველოში ვითარების დაძაბვა პირველ რიგში რუსეთის ინტერესშია. ვასაძე და საპატრიარქო კი სწორედ, ამ ინტერესების გამტარები არიან.
„ამ პროცესებში ვხედავ შორს მიმავალ ქვე ზრახვებს - საზოგადოებრივ ჯანყს ვგულისხმობ და ესკალაციის ინსპირაციას. ეს ყველაფერი კი კრემლის ინტერესშია. რადგან, სწორედ რუსეთს სურს საქართველოში ერთგვარი გადატრიალება და რევოლუცია იმისთვის, რომ საკუთარი ესთაბლიშმენტი და მისი ქვეშევრდომი ძალა მოიყვანოს ხელისუფლებაში“,- აცხადებს გიორგი ტიგინაშვილი.
როგორც თეოლოგი განმარტავს, არსებობს კონკრეტული მაგალითები, რის საფუძველზეც ლევან ვასაძისა და საპატრიარქო კონსპირაციული შეთანხმება მარტივად იშიფრება.
“კონკრეტული მაგალითები ზედაპირზეა. როდესაც მოსაყდრე შიო არის უშუალოდ სულიერი მოძღვარი ბატონ ლევან ვასაძის. იმ ადამიანის რომელიც, აცხადებს რომ იგი ნაბიჯს არ დგამს მისი საკუთარი მოძღვრის ნებართვისა და ლოცვა-კურთხევის გარეშე. როდესაც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი და მოსაყდრის ასისტენტი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ვასაძის კიკეთის სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელია- ამით ხომ კარგად ჩანს, რომ რეალურად მათ აქვთ საერთო პოზიციები- კონსპირაციული შეთანხმემება“,- აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
მისივე განმარტებით, ამ პროცესში თავად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც არის ჩართული და ამას პატრიარქის უახლესი ქადაგებაც მეტყველებს.
“გახსოვთ, პატრიარქის უახლესი ქადაგება, სადაც ამბობს, რომ ადამიანებმა უნდა იცხოვრონ მოკრძალებულად, შეინარჩუნონ სიწმინდე და ტრადიციები- მისი ამ ქადაგებით პატრიარქi სწორედ ამის უმთავრესი ილუსტრირებული მაგალითი ბრძანდება. როდესაც კათოლიკოს პატრიარქი ერთმნიშვნელოვნად რუსული ორიენტაციის და სლავური ორბიტის ფავორიტს შიო მუჯირს ნიშნავს მოსაყდრედ- ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კათოლიკოს პატრიარქი არის თანამონაწილე იმ ჩრდილოვანი მოტივების, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და ღირსების წინააღმდეგია. “- აცხადებს გიორგი ტიგინაშვილი.
რაც შეეხება სახელმწიფოს როლს ამ პროცესში, თეოლოგი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ახლა მოთმინების რეჟიმშია, რადგან ცდილობს ისეთი გამოსავლის ძიებას, რომელიც სიტუაციის გამწვავებას არ გამოიწვევს.
“სახელმწიფო მოთმინების რეჟიმშია. როგორც არასდროს, ახლა საზოგადოებამ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს საქართველოს პოლიტიკურ ისთაბლიშმენტს. ჩვენ უნდა მოვიქცეთ კეთილგონივრულად. არ უნდა ავყვეთ იმპულსებსა და ემოციებს და უნდა დავეხმაროთ ხელისუფლებას, რომ ასეთ კრიზისულ ატმოსფეროში ოპტიმალური გამოსავალი მოძებნოს. მაგრამ, მეორეს მხრივ სახელმწიფომ უნდა აღასრულოს მართლმსაჯულება და დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა აილაგმოს სხვადასხვა ექსცესები და ინციდენტები, რომელიც მოსალოდნელია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ლეგიონის შექმნის განაცხადი კეთდება. ანუ, სახელმწიფომ მაქსიმალური მოთმინება უნდა გამოიჩინოს- ოღონდ არა სრული დუმილის. თუ, ვასაძის ქმედება მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს მთლიანად გასცდება - რა თქმა უნდა შესაძლებელია მოხდეს სპეცრაზმის ჩარევა და ამ ორომტრიალის განეიტრალება. თუმცაღა, ამას შეიძლება მოჰყვეს ხმაურიანი დაპირისპირება საზოგადოებაში.“- აცხადებს თეოლოგი.
გიორგი ტიგინაშვილი ლევან ვასაძის ბოლო დღეების განცხადებებს მთლიანად ცინიზმსა და ირონიას უწოდებს. რადგან, მისი განმარტებით, ვასაძეს რეალურად არასდროს მდგარა ხალხის გვერდით მაშინ, როდესაც საზოგადოება მოქმედი თუ ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკას საპროტესტო აქციებზე აპროტესტებდა.
“როდესაც აცხადებს, რომ საქართველოში ადამიანის საკუთრების, სიტყვის და სიცოცხლის უფლება დარღვეულია- უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მისი მხრიდან ერთგვარი ცინიზმი და ირონია. რადგან საზოგადოებას 9 წლის მანძილზე ახსოვს მხოლოდ დადუმებული, პასიური და ინდიფერენტული ლევან ვასაძე. მას არასდროს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუკეთებია. ამავდროუალდ, როდესაც იგი აპელირებს, რომ არის სახალხო ფიგურა, მართლმადიდებელი მრევლის წევრი- როგორ ათავსებს ამ მოვლენასა და კიკეთის სასულიერო სკოლაში არსებულ გადასახადს. სადაც ერთი თვის სწავლის საფასური 800-დან 1000 ლარამდე მერყეობს. როდესაც ის გამოდის და ლანძღავს წინა თუ ადგილობრივ ხელისუფლებას- არავის ახსოვს ის არც საპროტესტო მანიფესტაციებზე. როდესაც აქციებზე სისხლის ფასად გამოვდიოდით და სადამსჯელო რაზმებისა თუ პოლიციური ძალებისგან ვიგვემებოდით - ლევან ვასაძე მაშინ პოლარულ დათვებს დასდევდა ნორვეგიაში. “- აცხადებს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძის განცხადებით, თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ.
ლევან ვასაძის და მისი მხარდამჭერების მიერ გაჟღერებული ძალადობრივი მოწოდებების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო