ვასილ დუმბაძე - საერთაშორისო რანგის აფერისტი თუ პატრიოტი

16:47 06-18-2019
203

ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წევრი, მორგანთა ბანკის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსისტი ვასილ დუმბაძე, მიხეილ ჯავახიშვილის რომანის "კვაჭი კვაჭანტირაძის" მთავარი გმირის ერთ-ერთი პროტოტიპი გახლავთ. ამის გამო დუმბაძეზე საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი აზრი იყო გავრცელებული. განსაკუთრებით ლევან ასათიანის მიერ გერონტი ქიქოძის მოგონებათა ფრაგმენტის `აფერისტი დუმბაძე~ გამოქვეყნების შემდეგ. ქველი ჩხატარაიშვილის ნარკვევში და ალეკო ასლანიშვილის ორ წერილში დუმბაძის მოღვაწეობა ერთგვარად რეაბილიტირებულია. რამდენიმე წერილში ჩვენც ვცადეთ ამ საოცარი კაცის რეაბილიტაცია ემიგრაციაში მისი მოღვაწეობის ჩვენებით, საიდანაც გასაგები ხდება, ვინ იყო დუმბაძე _ საერთაშორისო რანგის აფერისტი და ავანტიურისტი, თუ - პატრიოტი.

ვასილ (ვასო) დუმბაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრაში, სოფელ შემოქმედის მღვდლის, ცნობილი მგალობლის დავით დუმბაძის ოჯახში. დუმბაძეებს 2 ვაჟის გარდა, 9 ქალიშვილი ჰყავდათ. დავითის უფროსი ძმა, იმპერატორის ამალის წევრი გენერალ-მაიორით ივანე დუმბაძე იალტის ქალაქის თავად იყო დანიშნული. უსაზღვრო ძალაუფლებით სარგებლობდა ყირიმში, რომელსაც  `დუმბაზიასაც~ უწოდებდნენ. 

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ვასო გერმანიაში გაემგზავრა და სტუდენტობის დროსვე მიიქცია ქართული საზოგადოების ყურადღება. 1904 წლის ივლისში `ივერია~ წერდა, რომ ლაიფციგის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუდენტ ვასილ დუმბაძის მიერ სამოას ეთნოგრაფიაზე წაკითხულ რეფერატს დამსწრეთა მოსწონება დაუმსახურებია. ოქტომბერში დაბეჭდილი ცნობით _ ვასო ორ დისერტაციას ამზადებდა: "ქართველები _ ეთნოგრაფიული მიმოხილვა" და "ნავთის ინდუსტრია კავკასიაში და მისი ამერიკის ნავთთან შედარება." თვით ვასოს გაზეთ `ცნობის ფურცელისათვის~ გამოუგზავნია სტატია `ფრიდრიხ რეტცელი და იმისი მნიშვნელობა მეცნიერებაში~. 

1906 წელს ვასომ დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი. წიგნად გამოცემული მისი სადიპლომო ნაშრომი ბაქოს ნავთობსარეწებზე _ სოლიდური გამოკვლევაა, ვორონცოვის მამულებში სარწყავად დნეპრის ჭორომების გამოყენების გეგმა გამოირჩევა გრანდიოზულობითა და სითამამით, პეტროგრადის კანალიზაციის გეგმას უმაღლესმა სამეცნიერო-ტექნიკურმა კომისიამ `იდეალურად დამუშავებული~ უწოდა. მეცნიერებას რომ გაჰყოლოდა _ დიდ წარმატებებს მიაღწევდა, მაგრამ ვასომ კომერციას მოჰკიდა ხელი და მალე გაითქვა სახელი იმდენად, რომ მორგანთა რუსეთ-ამერიკის ბანკის დამფუძნებელთა შორის, გრაფ ვორონცოვ-დაშკოვისა და ამერიკაში რუსეთის ელჩ ბახმეტევის გარდა, ისიც აღმოჩნდა. 

გავლენიანი ბიძის და მეგობრის მამის, კავკასიის მეფისნაცვლის ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის (რომლის მამულების მმართველიც ვასო იყო) წყალობით, იგი პეტერბურგის უმაღლესი წრეების წევრი გახდა. მის პოპულარობას ხელს უწყობდა გარეგნობა, განათლება, მომხიბვლელობა, ავანტიურისტული ბუნება, ეკონომიკური ტალანტი, ფული და ევროპული ენების ცოდნა. ვასო ყურადღებას იქცევს პატრიოტული საქმიანობითაც: პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ნიკო დადიანის მიერ შექმნილი ქართველ დაჭრილ ჯარისკაცთა საზოგადოების გამგეობის წევრი. საზოგადოება 20 ათასამდე დაჭრილს დაეხმარა სურსათით, ტანსაცმლით, ქართული წიგნებით, გაჭირვებულთა ოჯახებს _ ფულით. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პეტროგრადში ქართული ეკლესიის დაფუძნებაშიც. ომის წინ აქტიურად თანამშრომლობდა გიორგი მაჩაბელთან, გიორგი შარვაშიძესა და სხვებთან ილია ჭავჭავაძის დაწყებული საქმის დასაგვირგვინებლად _ რუსეთის იმპერიის ფარგლებში საქართველოს ავტონომიის მისაღწევად, მაგრამ წიგნის გმირად და ცნობილ ავანტიურისტად იგი საიდუმლო დიპლომატიურმა საქმიანობამ და მსხვილ სამხედრო დაკვეთათა ხელში ჩაგდებამ აქცია. 

სამხედრო წრეებს ვასო ომამდე დაუკავშირდა და სამხედრო შეკვეთებიც მიიღო. გაიცნო სამხედრო მინისტრ სუხომლინოვის ნდობით აღჭურვილი პირი ა. ალტშულერი, სუხომლინოვის ცოლის ბიძაშვილი, ინჟინერი და საქმოსანი ნ. გოშკევიჩი, შემდეგ კი მინისტრის ახალგაზრდა ცოლი. 1914 წელს გამოსცა სუხომლინოვის აპოლოგეტური ბიოგრაფია და სამხედრო შეკვეთებმაც მისკენ იწყო დენა, საიდანაც სოლიდურ საკომისიოს იღებდა. მანვე მოაგვარა სამხედრო მინისტრისათვის მორგანთა ბანკის საშუალებით ამერიკაში 150 ავტომანქანის შეძენა. 

მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ორ თავში, `ამბავი საიდუმლო ვალდებულობისა~ და `ამბავი უდიდეს სამხედრო საქმის გაიმასქნებისა~, მოთხრობილია პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ამბავი, რომელმაც საერთაშორისო სკანდალის სახე შეიძინა. რეზო გაბაშვილის მოგონებებში ჩამოთვლილია ამ გრანდიოზული აქტის ოთხი მთავარი მონაწილე: გიორგი მაჩაბელი, ვასო დუმბაძე, რუსეთის სამხედრო მინისტრი სუხომლინოვი და მინისტრის ლამაზი ცოლი. ვის რა წილი ედო სკანდალში _ სამხედრო ტრიბუნალმაც კი ვერ გაარკვია. საქმე კი ამგვარად წარიმართა: რუსეთის სამხედრო უწყებამ ამერიკაში 15 მილიონი ოქროს მანეთის ყუმბარების შეკვეთა, მინისტრის ცოლის წყალობით, ვასოს მიანდო. შვეიცარიაში დაარსებული `საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის~ აქტიური წევრმა, ვასოს ძველმა მეგობარმა გიორგი მაჩაბელმა დაარწმუნა დუმბაძე, რომ ომში რუსეთის დამარცხების შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. მათ შეიმუშავეს მზაკვრული გეგმა და სხვა კალიბრის ჭურვები შეუკვეთეს, რომლებიც რუსულ ქვემეხებს არ მოერგო. დაიწყო კარპატებამდე მისული რუსეთის არმიის კატასტროფული უკანდახევა. 

კატასტროფამდე დუმბაძემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია შესრულა. 

დოკუმენტურადაა დასაბუთებული, რომ ნიკოლოზ II სეპარატული ზავის დასადებად გერმანიაში ვ. დუმბაძე გაგზავნა, როგორც გერმანიის მმართველ წრეებთან დაახლოებული პირი. 1915 წლის ზაფხულში გერმანიაში ვასომ მეფისათვის შედგენილი სამხედრო უწყების 1909-14 წლებში უმთავრეს ღონისძიებათა ჩამონათვლის 13-პუნქტიანი საიდუმლო დოკუმენტიც წაიღო. სტოკჰოლმში მას დახვდა გიორგი მაჩაბელი. ფონ ლუციუსმა იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარუდგინა. საიდუმლო დოკუმენტის გადაცემის შემდეგ ორივე ქართველი ბერლინს გაემგზავრა. იქ მათ განსაკუთრებული პატივით შეხვდნენ. რუსეთში დაბრუნებულმა ვასომ 19-გვერდიანი მოხსენება წარადგინა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგებოდა: `კავკასიის საკითხი~ და `სამხედრო ტყვეები~. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ გერმანია მზად არის სეპარატული ზავისათვის და მისი ჩარევით შეუმსუბუქდათ მდგომარეობა სამხედრო ტყვეებს. 

რუსეთში მისი დაბრუნება ჭურვების სკანდალს დაემთხვა. ჯილდოს ნაცვლად, საიდუმლო დოკუმენტების გერმანელებისათვის გადაცემის ბრალდებით, ვასო დააპატიმრეს. სკანდალს შეეწირა მინისტრის კარიერა, ვასო დუმბაძეს კი სიკვდილი მიუსაჯეს, რომელიც ნიკოლოზ II-მ მერე კატორღით შეუცვალა.  

თებერვლის რევოლუციის შემდეგ სუხომლინოვ-დუმბაძის საქმე გადაისინჯა. სუხომლინოვს კატორღა მიუსაჯეს, საიდანაც იგი საზღვარგარეთ გაიქცა. დუმბაძე კი თავდებით გამოიხსნა გიორგი მაჩაბლის ძმამ ილომ და თავის თეატრ `ბი-ბა-ბო~-სთან ერთად ვასო კიევში წაიყვანა. 1919 წლის ზაფხულში სამოქალაქო ომის ალში გახვეული კიევიდან ვასო ჯერ ოდესაში გაემგზავრა, შემდეგ _ სტამბოლში, იქედან კი _ ევროპაში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, სხვა მრავალ ქართველთან ერთად, ვ. დუმბაძეც ემიგრაციაში აღმოჩნდა. 

1924 წელს ვასო ამერიკაში ჩავიდა. 1925 წელს ნიუ-იორკში გამოსცა წიგნი `კავკასიის რესპუბლიკები~, რომელმაც მიიპყრო არა მარტო ამერიკული საზოგადოების, არამედ ქართველ ემიგრანტთა ყურადღება და საფრანგეთში მყოფმა საქართველოს მთავრობამ ვასო ამერიკაში თავის წარმომადგენელად დანიშნა. ვასოც ენერგიულად შეუდგა საქმეს. საჭირო იყო საქართველოს ოკუპაციის საკითხის გახმაურება, რადგან ამერიკა საქართველოს რუსეთთან ნებაყოფილობით შეერთებულ ქვეყნად თვლიდა. ვასოს თაოსნობითა და სენეტორ ჰენრი ვილსონის თავმჯდომარეობით დაარსდა `ამერიკული საზოგადოება კავკასიისათვის~, რომელშიც მრავალი ცნობილი მოღვაწე გაერთიანდა. განთქმულ იურისტთა კომისიამ შეისწავლა საქართველოს წარსული, არსებული მდგომარეობა და დაადგინა მისი `დამოუკიდებლობის უდაო უფლება და ევროპაში გახიზნულ დემოკრატიულ მთავრობის კანონიერება~,– იუწყებოდა ჟურნალი `ბრძოლა~. 

1926 წლის 10-11 მარტს ვირჯინიის დეპუტატმა კოპლენდმა და სენატორმა ვალტონ-მურმა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასა და სენატში ერთდროულად შეიტანეს წინადადება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე. კონგრესმა დაადგინა წარმომადგენლისათვის გამოეყო თანხა, როცა ამას მიზანშეწონილად პრეზიდენტი დაინახავდა. საქართველოს საერთაშორისო უფლების, მისი დამოუკიდებლობის საკითხი და 11 მარტის რეზოლუცია კონგრესმა 1-2 აპრილს ხელახლა განიხილა. ჯონ სტიუარტისა და ჰენრი ობდაიკის გამოსვლების შემდეგ კონგრესმა ამ სხდომათა ოქმებით, 22 დამატებით და 17 ფოტოთი, სახელმწიფო ხარჯით საქართველოზე 361-გვერდიანი წიგნი გამოსცა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა. საქართველოს საკითხი მეორედ 1929 წლის 23 აპრილს დაისვა. სენატორმა კოპლენდმა მე-17 კონგრესის I სესიაზე კავკასიის 4 რესპუბლიკაში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ჩრდილო კავკასია) დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი შეიტანა. `ბილი~ მოუწოდებდა ამერიკელ კანონმდებლებს გამოესწორებინათ წინამორბედთა შეცდომა და დაედასტურებინათ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობის უფლება. წინადადების მიღების შემდეგ დუმბაძე საქართველოს წარმომადგენლად დამტკიცდა. იმავე 1929 წელს ცნობილი დიპლომატ ლეონ ვილსონის თავმჯდომარეობით შეიქმნა `საქართველოს უფლებების დაცვის კომიტეტი~, რასაც შედეგად ამერიკის კონგრესში საქართველოს საკითხის რამდენჯერმე განხილვა მოჰყვა. 

1933 წელს საფრანგეთმა ცნო საბჭოთა კავშირი, გაუქმდა საქართველოს მთავრობის ლეგაცია და შეწყდა საქართველოს მთავრობის, საელჩოებისა და საკონსულოების უფლებამოსილება. დუმბაძემ საქართველოს საკითხი ახალარჩეული პრეზიდენტის რუზველტის წინაშე დაყენება სცადა და წერილი მის მდივანს მაკინტაირს გადასცა. მაკინტაირმა კი კონგრესის გამოცემულ წიგნში შესაბამისი ადგილები მოუნიშნა პრეზიდენტს. ვასო ემადლიერება კონსულ კოლუს, პრეზიდენტის მეგობარს, საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ აქტიურ წევრს ედვინ ვალდმანს, 1926 წელს საქართველოს საკითხის კურატორ კელეის,  ჰენრი ვილსონს და სხვებს. საქართველოსათვის ამ ბრძოლაში ვასო არ დაუზოგავს სახსრები და ენერგია. ამის შესახებ გიორგი მაჩაბელი სპირიდონ კედიას წერდა: `ვასომ აქ მართლაც დიდებულად იმუშავა, მაგრამ როგორც სათავეში ვუთხარ, ტყუილად ჩააბნია მთელი თავისი ქონება ამ მუშაობაში. არ იყო დრო და უკეთესი იქნებოდა ეს ფული რაიმე საქმეში მოეხმარა, ეხლა მილიონერ იქნებოდა და ასჯერ უფრო მეტად შესძენდა თავის სამშობლოს საქმეს. არ დამჯერა. მისი საქმეა, მაგრამ მაინც დიდი პატივის საცემია მისი თავდადებულება და მსხვერპლი სამშობლოს სამსახურისათვის~. 

ვასო შემდეგაც ცდილობდა, საქართველოს საკითხით ამერიკის ხელისუფლების დაინტერესებას, მაგრამ ევროპაში მწიფდებოდა დიდი ომი და ამერიკის ადმინისტრაციას საქართველოსთვის აღარ ეცალა. ვასო კი დიდხანს ასრულებდა საქართველოს არაოფიციალური და არააკრედიტირებული ელჩის როლს ამერიკაში. ეს მით უფრო საშური იყო, რომ ევროპაში 1929-33 წლების ეკონომიკური კრიზისის `დიდი დეპრესიისა~ და 1932 წელს იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპაციის შემდეგ, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობდა, ამერიკაში ქართველ ემიგრანტთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. 1931 წელს დაარსდა ნიუ-იორკის სათვისტომო, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი პავლე და თამარ კვარაცხელიებთან, ვანო კობახიძესა და გიორგი მაჩაბელთან ერთად ვასო დუმბაძეც იყო. ვასო აქტიურად მონაწილეობდა სათვისტომოს საქმიანობაში, ეკონომიურადაც ხშირად ეხმარებოდა, ოთხგზის იყო მისი თავმჯდომარე. ქართველთა შესაკავშირებლად ხშირად აწყობდა თავყრილობებსა და ნადიმებს. 1938 წელს ვასოს ინიციატივით აისლიპში შეიძინეს სათვისტომოს სახლი. ვასომ თავისი ხარჯით გაარემონტა, გააწყო ავეჯით, გააშენა ბაღ-ბოსტანი, რომელსაც კოსტა ხუნწარიას ცოლ-შვილთან ერთად უვლიდა. დუმბაძის დახმარებითა და თანადგომით ამერიკაში ჩავიდა, შესაბამის სტრუქტურებს დაუკავშირდა არაერთი ქართველი, რომელმაც შემდეგ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკის ეკონომიკასა და კულტურაში.

მართალია, მას ამერიკაში ისეთი საკუთარი დიდი საქმე არ წამოუწყია, როგორც გრიგოლ კობახიძეს და გიორგი მაჩაბელს, მაგრამ როგორც მორგანების ბანკის წამყვანი ფინანსისტი _ მდიდარ ადამიანად ითვლებოდა. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ ვასომ შეირთო უმდიდრესი ქალი, რომელსაც წილი ჰქონდა ერთ-ერთ უდიდეს, დღეში 8-მილიონიანი ტირაჟით გამომავალ გაზეთ `ჩიკაგო ტრიბუნში~. საკუთარი მდგომარეობის, ცოლისა და გაზეთის წყალობით ვასო ყველა უწყებაში ადვილად ახერხებდა შეღწევას და ქართველების დახმარებას. ეხმარებოდა ევროპაში მცხოვრებ ქართველებსაც, ახალგაზრდებისათვის კი ამერიკის უნივერსიტეეტებიდან საცხოვრებლით, კვებითა და სტიპენდიით უზრუნველყოფილ ი ადგილები ჩაჰქონდა. 

ვასო დუმბაძე გარდაიცვალა 1943 წელს ამერიკაში. დასაფლავებულია ნიუ-იორკში. მისი უმცროსი დის, ეკატერინეს ქალიშვილმა რუსუდან (ლულუ) ჩეჩელაშვილმა ვასოს ფოტოები მოგვაწოდა და გვიამბო, რომ კარგად ახსოვს 1943 წელს სოფელ შემოქმედში ვასილ დუმბაძის ანდერძი ფოსტით რომ მივიდა. `ჩაბარებაზე ჩვენებს ხელიც მოაწერინეს. მე თვითონ მაქვს წაკითხული. ვასომ იცოდა, რომ მამა ცოცხალი აღარ ჰყავდა, კომუნისტებმა საკუთარ სახლში მოკლეს. ანდერძი ასე იწყებოდა: `ჩემს ძვირფას ნენას! ჩემს ძვირფას დებს, დისშვილებს, სიძეებს. ჩემი უძრავ-მოძრავი ქონება...~ ანდერძში დასახელებული იყო 27 მილიონი, მე ასე მახსოვს. ქველი ჩხატარაიშვილს მგონი 42 მილიონი უწერია. შემდეგ ეწერა, რომ თუ არავინაა ცოცხალი, იმ ფულით სკოლა ან საავადმყოფო უნდა აშენებულიყო. იცოდა, რომ აფთიაქი სოფელში უკვე იყო. ეს ანდერძი მერე მილიციის უფროსმა შალამბერიძემ წაიღო და დღემდე არ ვიცით სადაა. როცა სუხიშვილები საზღვარგარეთ პირველად გავიდნენ, ნინო რამიშვილი, რომელიც დეიდასთან მეგობრობდა, ყვებოდა: `ამერიკას რომ ვათვალიერებდით, გიდმა ხელი გაიშვირა და გვითხრა, ეს არის თქვენი `ზემლიაკის~, ვასო დუმბაძის ვილაო. შესვლით ვერ შევედით, მაგრამ ვინც ნამყოფი იყო, ამბობდნენ, რომ შესასვლელში, ფოიეში კიბის ერთ მხარეს ჩიხტიკოპსა და ქართულ კაბაში გამოწყობილი დედის სურათი ეკიდა, მეორე მხარეს _ ანაფორაში შესამოსილი მამის~.

ვასო დუმბაძე - გურული აზნაურის ოჯახში დაბადებული, ევროპულ-ამერიკულ უმაღლეს არისტოკრატულ წრეებში მიღებული ეს საოცარი ბიოგრაფიის კაცი ისე გარდაიცვალა, რომ მემკვიდრე არ დარჩენია. ვასო დუმბაძის მილიონები და ანდერძის მეორე დედანი კი ალბათ მორგანების ბანკში ინახება იქ, სადაც ფინანსისტად მუშაობდა.

 

ავტორი:  რუსუდან დაუშვილი