უკვე 4 თვეა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ახალი ასოციაცია GERA ფუნქციონირებს. ამ მოკლე პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე GERA (Georgian Rightholders Association) გახდა მსოფლიოში წამყვანი ხმის ჩამწერი ლეიბლების SONY, Warner და Universal-ის ერთადერთი წარმომადგენელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ლეიბლების მფლობელობაში არსებულ რეპერტუარზე სწორედ GERA-მ მოიპოვა საჯარო შესრულებისა და საჯარო გადაცემის ექსკლუზიური უფლება. შესაბამისად ყველა კომერციულმა ობიექტმა, ვინც ამ გიგანტი კომპანიების მუსიკის გამოყენებას გადაწყვეტს, უნდა ითანამშრომლოს GERA-სთან.
გარდა ამისა, ახალ ასოციაციაში უკვე გაწევრიანებულია 70-ზე მეტი ქართველი ავტორი, რომლებმაც GERA-ს მიანდეს საკუთარი საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა.
GERA ქართველი და უცხოელი ხელოვანების რეპერტუარის მონიტორინგს ინოვაციური ტექნოლოოგიით - Rozum b2b ფლეიერის საშალებით ახორციელებს. დანადგარში ჩატვირთულია ყველა ის ნაწარმოები, რომლებზეც ასოციაციას ექსკლუზიური უფლება აქვს მოპოვებული (მათ შორის, ზემოთ ხსენებული Sony, Warner და Universal-ის კატალოგები). ფლეიერი გასართობი სივრცეების მუსიკალური გაფორმებისთვის გამოიყენება და აღრიცხავს რომელ ობიექტზე რა მუსიკა ჟღერს. ეს მეთოდი მუსიკალური ნაწარმოებების გამოყენებისა და შესაბამისი ჰონორარის განაწილების ზუსტი და ყველაზე გამჭვირვალე საშუალებაა. რაც ამ დრომდე საქართველოში არ არსებობდა.
,,GERA რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. ამგვარი ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის არ არის გათვალისწინებული რაიმე სახის ლიცენზია, ნებართვა ან დამატებითი რეგისტრაცია. კანონმდებლობით დაშვებულია კოლექტიური მართვის ორი ან მეტი ორგანიზაციის არსებობა. აღნიშნული სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ისე მსოფლიოში არსებულ პრაქტიკასთან და ევრო დირექტივასთან, რომლის მიხედვითაც ავტორს არ შეიძლება აეკრძალოს ერთი ორგანიზაციის დატოვება სხვა ამგვარ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით.’’ - აცხადებს GERA-ს გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილი.
GERA-ს დაარსებამდე საქართველოში საავტორო უფლებების დაცვას ახორციელებდა GCA (Georgian Copyright Association), რომელსაც ინოვაციური ტექნოლოგიის (Rozum b2b ფლეიერის) დანერგვა შესთავაზეს. თუმცა GCA-მ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
GCA-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში მოთხოვნით, რომ საავტორო უფლებების დაცვის სფეროში ალტერნატიული ასოციაციის არსებობა აღკვეთილიყო, რაც სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.