ფოთში კეფალის ფესტივალი ჩატარდება

12:36 07-10-2019
35

ფოთში 11 აგვისტოს კეფალის მასშტაბური ფესტივალის ჩასატარებლად ემზადებიან.
ფესტივალის ორგანიზატორი წარმოშობით ფოთელი ნანა ტაბიძეა, რომელიც ერთ-ერთი ტურისტულ კომპანიას ფლობს და უმაღლეს სასწავლებლებში კურორტის მენეჯმენტზე ლექციებს კითხულობს.

მისი თქმით, პროექტის მიზანია, ფოთი გადაიქცეს ახალ მიმართულებად საქართველოს ტურისტულ რუკაზე, და ამით ქალაქის განვითარებას შეუწყოს ხელი.

„ფესტივალი მრავალ ღონისძიებას აერთიანებს: შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში, მარათონი, პლაჟის თამაშობები, სხვადასხვა საფესტივალო აქტივობები, მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება და საზეიმო კონცერტი.

ფესტივალი ერთდროულად ჩატარდება ფოთის ცენტრალურ პარკში (ქვესტი), ოქროს ტბაზე და მალთაყვას სანაპიროზე.ფესტივალის მთავარი ღონისძიება გახდება საქართველოში ერთადერთი საქალაქო მასშტაბის საერთაშორისო ქვესტი, (თამაში) სახელწოდებით არგო ქვესტი / ARGO QUEST.

ქვესტის იდეა შემდეგია: ლეგენდის მიხედვით, იასონმა და მისმა არგონავტებმა ოქროს საწმისის გარდა, კოლხეთში მოიტაცეს სხვა განძიც და საგანგებოდ გადამალეს ის სპეციალურ „შემნახველ კამერაში“ ფოთის ცენტრალურ პარკში. მონაწილე გუნდები სხვადასხვა დავალებას ასრულებენ და ეჯიბრებიან ერთმანეთს რაც შეიძლება მეტი არტეფაქტის აღმოჩენაში. მათი მიზანია - დაუბრუნონ ფოთს დაკარგული ოქროს საწმისი,-განაცხადა ტაბიძემ. ორგანიზატორის განცხადებით, კეფალის ფესტივალი ტრადიციული გახდება.

ავტორი: თეა შონია