„ჩემი დიაგნოზი სიმსივნეა“ - დიზაინერი მარიამ გვასალია „სოლიდარობის ფონდისთვის“ - ვიდეო

13:06 07-19-2019
4745

„სოლიდარობის ფონდი“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ცნობილი ქართველი დიზაინერი მარიამ გვასალია, მხარდაჭერას უცხადებს ფონდის საქმიანობას:

width=600

რომ გავიგე, რომ ჩემი დიაგნოზი იყო სიმსივნე, არ ვიცი, რამდენად ადეკვატური რეაქცია მქონდა. მგონი, ვერც აღვიქვი კარგად, იმდენად მოულოდნელი იყო. ძალიან რთული პერიოდი უნდა გაიარო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოთმინებით და გაგებით მოეკიდო, პროცესი გაიწელება, არ იქნება მარტივი, იქნება დამღლელი და მტკივნეული.

ყველაზე რთულია, როცა ამის გადატანა ბავშვებს უწევთ. ყველაზე დიდი ტრავმა მშობლებისთვისაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ, არის ფინანსური მხარე. რაც უნდა ემოციურად მდგრადი იყო და კარგი ექიმების ხელში აღმოჩნდე, თუ ფინანსური მხარე არ იქნება გამართული, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდე. 

ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების სოლიდარობა, რომ არც ერთი მშობელი არ ჩავარდეს გამოუვალ მდგომარეობაში. ყველას შეგვიძლია ვიყოთ ქველმოქმედები… - ამბობს მარიამი.width=0 

რანდენიმე ხნის წინ, დიზაინერმა ჟურნალ “City“-თან ინტერვიუში, კითხვაზე - „თუ, რა არის ცხოვრების მთავარი გაკვეთილი“ განაცხადა:

„ბედისწერას ვერ შეცვლი, მაგრამ იქნებ მიეხმარო ან, რაღაც აიცილო. ბევრმა რამემ იქონია გავლენა და ბევრმა მოვლენამ გამზარდა და მასწავლა ჭკუა, მაგრამ, ბოლო გაკვეთილი ყველაზე რთული აღმოჩნდა. ეს ჩემი დაავადება - მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიაა, რომელსაც დღემდე ვებრძვი. ამ დაავადებამ მიმახვედრა, რომ ჯანმრთელობა, მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მისთვის ყურადღების არ მიქცევა, ერთ-ერთი ყველაზე რთული გაკვეთლი აღმოჩნდა“ - ამბობს გვასალია.  

შეგახსენებთ, რომ მარიამ გვასალია ცოტა ხნის წინ, თბილისის „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულის მონაწილე გახლდათ, სადაც „Vogue“-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც „მარიამის სამყაროში“ იმოგზაურეს. ამის შემდეგ კი, მისი ახალი კოლექცია, მადრიდის მოდის კვირეულზე გამოიტანეს. მის ექვს კოლექციას - მოპოვებული აქვს, საერთაშორისო პრესის ყურადღება. მისი ნამუშევრები, თანამედროვე თაობის ქართველი დიზაინერების ფავორიტი გახდა. მარიამის საფირმო პროდუქტი, ძირითადად - ჩანთები და ფეხსაცმელებია. დიზაინერის უნიკალურ და ინოვაციურ ნამუშევრებში, განსაცვიფრებელი ხელოვნების შეგრძნება იკვეთება. 



ავტორი: რუსა ღვანიძე