გია ნიკოლაძე: ხელშეწყობა გვჭირდება, რომ ხარისხიანი და კარგი პროდუქტი დავდოთ

16:03 07-25-2019
193
თეგები: გერა

კიდევ ერთი ხელოვანი, რომელიც საავტორო უფლებების დაცვის თანამედროვე მეთოდს და გამჭვირვალე პრინციპს ირჩევს ყველასთვის ცნობილი ,,ნიკოლშოუს’’ წევრი გია ნიკოლაძეა.

მუსიკოსი ხელოვანების უფლებების დაცვასთან ერთად, ზოგადად კულტურის განვითარებაზეც საუბრობს.

- გია, როგორ ფიქრობთ, საქართველოში კულტურის განვითარებისთვის რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო?

- იცით რას გავიხსენებდი? ჩერჩლმა ბიუჯეტის შედგენისას გარკვეული თანხა კულტურისთვის გადადო და როცა ჰკითხეს, რა დროს კულტურაა შუა ომშიო, ეს უპასუხა - ომი იმიტომ არის, რომ კულტურას ვიცავთო.

იდეაში ალბათ ყველა დაეთანხმება ამ სიტყვებს, მაგრამ რას ვაკეთებთ იმისთვის რომ კულტურა დავიცვათ? მე თუ მკითხავთ არ იქნება ურიგო, რომ  თითოეულმა ჩვენგანმა თითო კაპიკი დავდოთ კულტურის დასაცავად.

ჩვენ რასაც ვქმნით ხალხისთვის ვქმნით და ამაში არაფერს არ ვითხოვთ. ეს არის ჩვენი საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ მთელს მსოფლიოში არტისტების უფლებების დაცვა უმაღლეს დონეზეა განვითარებული. კომერციული ობიექტები, ვინც მუსიკას იყენებს კლიენტის მოსაზიდად, ვალდებულია გადაუხადოს არტისტს. და ეს არის მათი შემოსავლის უდიდესი ნაწილი.

ბოლო დროს დავინახე, რომ საქართველოში ჩვენი უფლებების დაცვისთვის, საკმაოდ აქტიურად იბრძვის საავტორო უფლებების დაცვის ახალი ასოციაცია GERA. ეს არის სტიმული ჩვენთვის და ზოგადად ხელოვნების გასავითარებლად.

იმიტომ რომ, როდესაც ხელოვანს რაღაც მატერიალურზე და ელემენტარულ შემოსავალზე გაქვს საფიქრალი და სანერვიულო, დამიჯერეთ, ვეღარ წერ ვერაფერს. ხელშეწყობა გვჭირდება, რომ ხარისხიანი და კარგი პროდუქტი დავდოთ.

საავტორო უფლებების დაცვის ახალ ასოციაციაში GERA მე ვიგრძენი რომ ვიღაც ჩემზე იზრუნებს. ჩემს უფლებებს გამჭვირვალე და ობიექტური მეთოდით  დაიცავს და რეალურად მექნება ის ანაზღაურება, რასაც ვიმსახურებ. ეს ძალიან დიდი ხელშეწყობაა ხელოვანისთვის.

კულტურა არის ერის სახე და ხერხემალი. მე მჯერა რომ GERA სწორედ ამ ცენტრალურ ფუნდამეტს ემსახურება და მის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს.