დავით გარეჯში სალოცავებამდე მისასვლელი გზა მომლოცველებისა და ტურისტების შემდეგ ამჯერად უკვე სასულიერო პირებისთვისაც დაიხურა. აღდგომის ტაძრთან სამჯერ მეტი სამხედრო კარავია გაშლილი, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო. მორჩილი ზაზა ტატუნაშვილის თქმით, ქედზე ასვლაც უკვე შეუძლებელია.
„მოთხოვნა ერთადერთია, რომ გამოყენებული იქნას ის ხელმოწერები და რუკა, რომლითაც უნდა განისაზღვროს საზღვარი. ეს არის 1996 წლის მოლაპარაკების შედეგად ალიევსა და შევარდნაძეს შორის დამტკიცებული რუკაა. სადაც სამწუხაროდ ბერთუბნის მონასტერი აზერბაიჯანის მხარეს მოხვდა, მაგრამ უდაბნოს მონასტერს საფრთხე არ ემუქრებოდა,“- ამბობს ზაზა ტატუნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სამთავრობო კომისია 1996 წლიდან მუშაობს. ამ დროისთვის ტერიტორიის 30% დასაზუსტებელია, მათ შორის, განსაკუთრებული დავის საგანი ის ტერიტორიაა, სადაც სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი მდებარეობს.
საკითხის გააქტიურება საქართველოს პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტს და შესაბამისი მოთხოვნის დაყენებას მოყვა.
დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები 25 მაისს განახლდა.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ადგილზე მიყვანილი იყო მძიმე ტექნიკა და კვლავ გრძელდებოდა კლდოვანი საფარის ნგრევა.
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია.
, აღდგომის დღსასწაულამდე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) გაახმოვანა და დახმარება ითხოვა.
ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანელები სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ. მათ შორის, გადაადგილების პრობლემები შეექმნათ ტურისტებსა და მომლოცველებს.
მაშინ არქიმანდრიტმა თქვა, რომ გარეჯში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც იქ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.
აღდგომის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, სასულიერო პირებისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის უდაბნოს მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა.