ოჯახური ტრაგედია, ახდენილი ოცნებები და „რუსთავი 2“-ის შექმნის რთული გზა - ექსკლუზიური ინტერვიუ დავით დვალთან

22:50 07-30-2019
4816

ტელევიზიის ქონა ტელეკომპანია „რუსთავი“-2-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის ბავშვობის ოცნება ყოფილა. მასთან პირად თემებეზე ინტერვიუ „პრაიმტაიმმა“ რამდენიმე თვის წინ ჩაწერა, როცა ტელეკომპანიის საქმე სტრასბურგს ჯერ განხილული არ ჰქონდა.

ეს ჩანაწერი ამ დრომდე არ გაშიფრულა და შესაბამისად, მკითხველს ახლა ვთავაზობთ პირველად.

დვალს სატელევიზიო საქმიანობის გარდა, ახლა სხვა ბევრი ინტერესიც აქვს. ბოლო წლებში ასტროფოტოგრაფიამ და 3D ლაზერით სამკაულების დამზადებამ გაიტაცა.

მას და მის ძმას, ცნობილ ფიზიკოსს, გია დვალს საინტერესო ბავშვობა ჰქონდათ. ამბობს, რომ 6 წლის ასაკში უკვე იცოდა, რომ ტელევიზიას შექმნიდა. 

მოგვიანებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გამო მაღალანაზღაურებადი სამსახური დატოვა და რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად.

ახდენილი ბავშვური ოცნებები

სიახლე, ნოუჰაუ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, თუმცა ყველა მათგანი საინტერესო და ამოუწურავი საქმიანობა დავით დვალის ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევს. პირველად მაშინ მიიღო ყველაზე მნიშნელოვანი გადაწყვეტილება, როცა სიახლეს ყველა გაურბოდა, როცა ყველა გადარჩენისთვის იბრძოდა და პრაქტიკულად ქვეყანაში ბნელოდა...

„ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა, როცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შექმნის იდეა გაჩნდა ეროსი კიწმარიშვილთან ერთად, მან შემომთავაზა. ყველაფერზე უარი ვთქვი, იმ დროისთვის საკმაოდ კარგი სამსახური მქონდა, თუმცა, არც დავფიქრებულვარ ისე დავთანხმდი ეროსის და გადავედი რუსთავში. ეს მაშინ ძალიან დიდი გამოწვევა იყო. საკმაოდ რთულ პერიოდში, ბნელ 90-იანებში შეიქმნა საკმაოდ წარმატებული კომპანია. არასდროს მიფიქრია, რომ საქართველოში პირველი გახდებოდა ეს ტელეკომპანია. 

უცნაურია, მაგრამ დაახლოებით ექვსი წლის ასაკიდან ზუსტად ვიცოდი, რომ დადგებოდა დრო, როცა ტელევიზიას შევქმნიდი. მიყვარდა ტექნიკა. მუდმივად ექსპერიმენტებს ვატარებდი, ერთხელაც მორიგმა მცდელობამ არ გაამართლა და წარუმატებელმა ექსპერიმენტმა პატარა აფეთქება გამოიწვია, ამის გამო, მეზობელმა მიჩივლა კიდეც. ადრეული წლებიდანვე ახლობელი იყო ჩვენთვის ფოტოაპარატი. ბაბუა ფოტომოყვარული იყო და მე და გიას საკმაოდ დიდი არქივიც დაგვიტოვა. მაშინ არ მიყვარდა ობიექტივის წინ პოზირება, თამაში მინდოდა, ბაბუა კი დაგვაყენებდა და ფოტოებს გვიღებდა. ტელესკოპიც ყოველთვის მინდოდა...

width=600

„მე-9 კლასში გადავწყვიტე ქიმიკოსობა“

დავით დვალი: „თბილისში დავიბადე, სამი წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა და მე და ჩემი ძმა დედამ და ბაბუამ გაგვზარდეს. დედა პროფესიით ბიოლოგი იყო, მამა ინჟინერი. მაშინ ძალიან პოპულარული იყო, სამედიცინო მიმართულებით განათლების მიღება. ჩვენც ასე გვირჩევდნენ ოჯახის წევრები. პირველად ჩემი ძმა წავიდა ამის წინააღმდეგი. მერე მეც გამიმარტივდა და უკვე მე-9 კლასში გადავწყვიტე, ქიმიკოსობა. მაშინ, ძალიან გამიტაცა ქიმიამ და ასპირანტურაც დავამთავრე. “

ასტროფოტოგრაფია

ახლა, ხუთი ტელესკოპი მაქვს. პირველად, უბრალოდ ვაკვირდებოდი, ღამე ვათვალიერებდი პლანეტებს. მერე, ტელესკოპს ფოტოკამერა შევუერთე და სურათების გადაღება ვცადე, გაამართლა. პირველ კადრზე ორიონის თანავარსკვლავედი ავსახე, 7-8 წუთის ნამუშევარია. საოცარი ფოტოა. შემდეგ, შემთხვევით, კადრში მოვახვედრე ახლად აფეთქვებული ზეახალი ვარსკვლავი, სუპერ ნოვა. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი აღმოვჩნდი, ვინც ამის გადაღება შეძლო. ძალიან დიდი სტიმულია ეს ყველაფერი. “

width=600

საერთაშორისო ასპარეზზე...

გამოფენები, აღიარება, არაერთი ჯილდო, მაღალი ცნობადობა და წარმატებული საქმიანობა, დავით დვალის ასტროფოტოგრაფიას ბოლო რამდენიმე წელია თან ახლავს. ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის, როგორიცაა „ნეშენალ ჯეოგრაფიკ“ დაუჯერებელი აღმოჩნდა ქართველი ფოტოგრაფის წარდგენილი კადრები... 

„2016 წელს მქონდა ასტროფოტოების გამოფენა. მერე ილიუნისთან ერთად გავაკეთე მეორე გამოფენა. „აპოდი“, „ასტროფინი“, ევროპული დღის ასტროფოტოდ იქნა აღიარებული. 20-მდე ჯილდო აქვს ჩემს ფოტოებს და მიხარია, რომ საქართველოში ასტროფოტოგრაფიის მიმართულებით არც ისე ჩამორჩენილი ვართ. „ნეშენალ ჯეოგრაფიკთან“ ერთი კურიოზი გადამხდა. არ დაიჯერეს, რომ ჩემი გადაღებული ფოტოები იყო და მომიწია მტკიცება. წარვადგინე მთელი შავი მასალა, მუშაობის პროცესის ამსახველი კადრები და მართალი გითხრათ, ეს უნდობლობა მესიამოვნა კიდეც. როცა „ჰაბლის“ გადაღებულ ფოტოებში ეშლებათ ჩემი, მართლაც სასიამოვნოა... მე და ჩემი ძმა ერთმანეთს სიახლეებს პირველები ვუზიარებთ. ახლაც ბევრი რამ ვიცი გიას შესახებ, მაგრამ თქმის უფლება არ მაქვს.

 

„ჩიტივით თავისუფალი ვარ“

„მეუღლე არ მყავს, ჩიტივით თავისუფალი ვარ. რუსთავი 2-ის მერე გრანდიოზული პროექტისთვის ხელი აღარ მომიკიდია. პატრა-პატარა საქმეები მაქვს, რომელსაც სჭირდება მიხედვა. 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი