იურისტი კახა კოჟორიძის განაცხადებით, იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობას არ შესწევს უნარი, რომ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ამოცანას თავი გაართვას.
მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს აქტიურობა, რომ როცა ეს კანდიდატები გადაიგზავნება პარლამენტში, პარლამენტმა მაინც, რამდენიმე კანდიდატის გარდა, არ დაუჭიროს მხარი ასეთი ადამიანების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად მუდმივად დანიშვნას.
„რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის სამწუხაროდ იმის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მანამდე, რომ საბჭოს ამ შემადგენლობას არ შესწევს უნარი, რომ ამ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ ამოცანას, რომ უზენაეს სასამართლოში იყვნენ ღირსეული და კვალიფიციური ადამიანები, გაართვას თავი. ამ საბჭომ მისი არსებობისა და ასევე, მისი წინა შემადგენელობების არსებობის, დაახლოებით 15-წლიანი პერიოდის მანძილზე დაადასტურა, რომ მსგავსი ამოცანების თავის გართმევის უნარი არ აქვს. იმიტომ, რომ ისინი მოქმედებენ პოლიტიკური მოტივაციით, კლანური მოტივაციით, არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია, არ ესმით, რას ნიშნავს, იყო მოსამართლე. საბჭოს იმედი არ მაქვს, რომ ღირსეულ კანდიდატებს შეარჩევს მხოლოდ, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს აქტიურობა, რომ როცა ეს კანდიდატები გადაიგზავნება პარლამენტში, პარლამენტმა მაინც, რამდენიმე კანდიდატის გარდა, არ დაუჭიროს მხარი ასეთი ადამიანების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად მუდმივად დანიშვნას,- განაცხადა კოჟორიძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან უკვე 28-ს გაესაუბრა. ორმოცდაათივე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო, ფარული კენჭისყრით, 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.